„რა თქმა უნდა პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ჩვენს აფხაზ ძმებთან, მაგრამ მაგ კონფლიქტის გასაღები მოსკოვშია“ – ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ გუნდმა პოლიტიკური პარტია დააფუძნა

ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ გუნდმა პოლიტიკური პარტია დააფუძნა. პარტიას „კონსერვატიული მოძრაობა“ ქვია.
პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს. პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა, ვასილ გვილია. პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს გიორგი ქარდავა.
ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ ზურაბ მახარაძემ განაცხადა:
-„ჩვენი ეკონომიკური ამოსუნთქვა, წინსვლა, პირდაპირ მიბმულია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები აღარ იყვნენ მარტო უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტების მომსახურე პერსონალი. ჩვენი პრობლემის უდიდესი ნაწილი, უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, დემოგრაფია და ეკონომიკა, იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ ვართ დე- ფაქტო ვასალების მდგომარეობაში. რაზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენ რუსეთს როცა იქ ჩავალთ? ყველაფერი იქნება თქვენთან შეთანხმებული, დეკლარირებული. სათქმელი გვაქვს კონკრეტული, – რუსეთის ფედერაციას თუ მართლა უნდა საქართველოსთან მოკავშირეული მდგომარეობა, მზად ვართ არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დავიწყოთ, არამედ ვიმუშაოთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან დავალაგოთ პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა. მზად ვართ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პარალელურად ვისაუბროთ იმ უსაფრთხოების და ეკონომიკური სისტემის საქართველოს ინტეგრაციაზე, რაც მათი ინტერესია, ეს მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ეკონომიკური მდგომარეობის და დემოგრაფიის გამოსწორების ხარჯზე.

ჩვენ რასაც ვაპირებთ პირდაპირ ვამბობთ. არაფერი იქნება დაფარული. ყველა ამ პრობლემის გასაღები არის კონკრეტულ ადგილას, ეს არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დედაქალაქი. კრემლში წყდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბედი. მოსწონს ეს ვინმეს, თუ არ მოსწონს, ჩვენ რა თქმა უნდა პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ჩვენს აფხაზ ძმებთან, მაგრამ მაგ კონფლიქტის გასაღები მოსკოვშია.“

კომენტარები