„რა იყო ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ? – სახელმწიფო პრაქტიკულად გაანადგურეს – საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი“ – მიხეილ სააკაშვილი

-„საქართველოში მოქალაქეებს აქვთ სრული დაუცველობის განცდა. რა იყო ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ? ასეთი რამ, არა მხოლოდ საქართველოში არ იყო არასდროს წარმოსადგენი, შევარდნაძის დროსაც კი, ჩვენ დროს აღარ ვასაუბრობ, ასეთი რამ შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. საქმეც ისაა, რომ საქართველოს სახელმწიფო პრაქტიკულად გაანადგურეს, ამაში გუშინ ჩვენ  დავრწმუნდით. საქართველოში აღარ არის სახელმწიფო, საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი. რითი არიან დაკავებულები პოლიციის თანამშრომლები და სუს-ი? იმის მაგივრად, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვან, ივანიშვილის დავალებით სხედან შტაბებში, წინ უდევთ სიები, მოქალაქეების, ბიზნესმენების და დაკავებულები არიან შანტაჟით, დაშინებით, მოსყიდვით.

ზუგდიდში, გუშინ, პოლიცია და სუს-ი „ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილი აქციის კონტროლით იყო დაკავებული და არა მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვით.

გუშინ შეიარაღებული თავდამსხმელი მივიდა თავდასხმის ადგილზე, ჩაცმულობით, იარაღით, როგორც ამბობენ, გატაცებული მანქანით, ქალაქის ცენტრში, – არავინ გააჩერა, რატომ? იმიტომ, რომ იქ იყო დაგეგმილი “ნაციონალური მოძრაობის” მრავალათასიანი აქცია, სუს-ი და პოლიცია  გადართული იყო იმ აქციის კონტროლზე. “მარშუტკა” არავის წაეყვანა დამატებით, ავტობუსებს აკონტროლებდნენ, სურათებს უღებდნენ ხალხს, მათ არ ეცალათ მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის და კრიმინალებისთვის. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

ეს არის არამხოლოდ სრული დაუცველობა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ფინანსური კუთხით, არამედ ფიზიკური დაუცველობის განცდა, ყველაფერი ეს გააკეთა პირადად ივანიშვილმა, –  მთელი პერიოდი მოგვიწოდებდა კრიმინალს გაგებით მოვკიდებოდით. ეს გააკეთა იმან, ვინც ხელისუფლებაში რამდენიმეთვიანი პატარა ბავშვის მკვლელობით მოვიდა. ეს ყველაფერი ლოგიკურად უნდა დასრულდეს რამდენიმე დღეში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, რაც გუშინ მოხდა, მიიღებს ბევრად ურო მასშტაბურ და გავრცელებულ ხასიათს. ჩვენ,  ყველანი ერთად, ამას არ დავუშვებთ, ქართველი ხალხი იმსახურებს უსაფრთხოებასა და ნორმალურ პირობებში ცხოვრებას”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა  სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაში.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.

გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, შემდეგ კი მიიმალა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხდება, – ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

კომენტარები