რა მნიშვნელობა აქვს კანდელს?

რა მნიშვნელობა აქვს კანდელს?

კანდელის ნათელი არის სიმბოლო ზეციური ნათლისა. რამდენადაც სასუფეველში მყოფი წმინდანები ზეციური ნათლით არიან მოსილნი, მათ ხატებასაც აქ, დედამიწაზე მუდამ ნივთიერი ნათელი უნდა ეფინებოდეს, როგორც ზეციური ნათლის სიმბოლო.

ღმერთის წმინდანებიც ზეცაში მარადიულ ნათელში არიან, ამიტომ მათი წმინდა გამოსახულებებიც უნდა განათდეს. ძველ აღთქმაში მკაცრი მოთხოვნა იყო იმაზე, – ღმერთის ტაძარში ცეცხლი ყოველთვის ანთებული ყოფილიყო. ახალ აღთქმაში, წმინდა იოანე ღმრთისმეტყველი „გამოცხადებაში“ ხედავს ღმერთის საყდრის წინაშე ანთებულ 7 ცეცხლოვან სასანთლეს, ასევე 7 სასანთლეს შორის ხედავს იგი იესო ქრისტეს.

სიტყვა კანდელი, ლათინური ტერმინიდან Candela=სანთელი მომდინარეობს. ქრისტიანულ ეკლესიაში კანდელი განთავსებულია წმიდა ხატების წინ. ის კანდელი, რომელიც საკურთხევლის შიგნით, ჯვარცმის წინ არის მოთავსებული, ყოველთვის ანთებულია. ამის გამო „დაუძინებელ“ იგივე ჩაუქრობელ კანდელად იწოდება.  ასევე ერთი კანდელი განთავსებულია სახლის ხატების კუთხეში და მართლმადიდებლური გარდამოცემის თანახმად, ყოველდღიურად უნდა ინთებოდეს.

ეს ჩვეულება ღრმა ქრისტიანულ სიმბოლიზმს ატარებს.  განასახიერებს ქრისტეს ნათელს, რომელიც განანათლებს ყოველ ადამიანს, აღვივებს მის იმედს, ანუგეშებს მას, თან ახლავს მარტოობის დაუმთავრებელ საათებში.

კანდელის ანთება თავის თავში გულისხმობს სიმბოლოს, რომ იწირება  პატივისცემის ძღვენი უფლისადმი და მისი წმინდანებისადმი. ასევე იგი ქრისტეს ნათელს განასახიერებს, რომელიც განანათლებს ყოველ ადამიანს. ამასთან ერთად სიმბოლურად უფლის მითითებას უკავშირდება, რომ ქრისტიანები უნდა ვიყოთ ნათელნი ამა სოფლისანი.

ზეთი, რომელიც იწვის ჩვენს კანდელებში, „საღმრთო მოწყალებას ნიშნავს“, წერს წმ. სიმეონ თესალონიკელი, ღვთის მოწყალებას, რომელიც იმ დროს გამოჩნდა, როდესაც ნოეს მტრედი ზეთისხილის რტოთი დაბრუნდა კიდობანში, წარღვნის დასრულების საუწყებლად. ასევე უკავშირდება იმ ღამეს, როდესაც ქრისტე ზეთისხილის რტოების ქვეშ მუხლმოყრილი ლოცულობდა. ლოცვის დროს მის მუხლებს, გამონადენ ოფლთან ერთად, ზეთისხილიც ასველებდა.   მატერიაზე აღმატებული ნათელი არის შინაგანი, სულიწმიდისეული ნათელი. ღმერთშემოსილი მამა, გრიგოლ ნაზიანზელი წერს: „განვინათლოთ ბაგენი“ და მისი კომენტატორი ამატებს: ვაღწევთ ამას?

ზეთი სიმბოლურად, ღმერთის დაულევნელ წყალობას,  კანდელები ეკლესიას განასახიერებენ, რომელიც ღვთიური წყალობის და ნათლის გამავრცელებელია. კანდლები სიმბოლურად ასევე წმინდანებს განასახიერებენ, რომელთა ნათელიც გააბრწყინა ეკლესიამ, უფლის სიტყვისამებრ: „ესრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენნი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა“.

მმართლმადიდებლებმა უნდა ავანთოთ კანდელი, – რათა გაგვახსენოს ჩვენ ლოცვის საჭიროება, რათა გაანათოს სივრცე და განდევნოს სიბნელე, სადაც გაბატონებულნი არიან ბოროტისეული ძალნი, რათა გაგვახსენოს, რომ ქრისტე არის ერთადერთი ჭეშმარიტი ნათელი, რომ მისდამი რწმენა არის ნათელი, რათა შეგვახსენოს, რომ ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს გაბრწყინებული,  –  გაგვახსენოს ჩვენ, რომ, როგორც ჩვენს ხელს საჭიროებს კანდელი, რომ აინთოს, ასევე სულიც საჭიროებს უფლის ხელს და მის მადლს, რომ გაგვახსენოს, ჩვენი ნება უნდა იწვოდეს და მსხვერპლად იწირებოდეს უფლისადმი და სხვისადმი სიყვარულისათვის. კანდელების ზეთი უნდა იყოს ზეითუნის, რამდენადაც შესაძლებელია, საუკეთესო ხარისხის.  ტაძარი, რომელშიც ანთებულია კანდელები, ღვთის მოწყალებისა და ზეთის ახალ ბაღად გარდაიმქნება.  კანდელების ზეთი და ნათელი გვახსენებს  ღმერთის მოწყალებას ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც უნდა იყოს განათლებული და წმიდა.

განათებული ტაძარი სიმბოლურად,  საღმრთო ნათელს განასახიერებს, რომელიც არა მხოლოდ ახალნათელღებულთა, არამედ ყოველთა ქრისტიანეთა გულებს განანათლებს. უფალმა ეს უდიდესი ჭეშმარიტება საკუთარი თავის შესახებ, შემდეგი სიტყვებით გამოამჟღავნა: „მე ვარ ნათელი სოფლისა“ (ინ. 8,12). ქრისტე ნათელია არა მხოლოდ მისი განმანათლებელი მოძღვრების გამო, არამედ უმთავრესად მისი განმანათლებელი განკაცების გამო. ეს  უმთავრესად, მისი სასწაულებრივი ფერისცვალებიდან დასტურდება, სადაც „მისი სახე გაბრწინდა როგორც მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი“. (მთ. 17,2).

სარწმუნოების სიმბოლოში ღვთის ძე წარმოდგენილია, როგორც „ნათელი ნათლისაგან“. ასევე, მწუხრის ლოცვაში, ჰიმნოგრაფი წარმოაჩენს უფალს, როგორც „მხიარულ ნათელს“. ქრისტიანებს ეკლესიის საიდულოებებით  და საკუთარი სულიერი ბრძოლით, შეუძლიათ მიიღონ სულიწმიდის მადლმოსილი ნათელი და გაბრწყინდნენ თავიანთი ცხოვრებით.

უფალმა მთაზე ქადაგებისას, მისცა რა რჩევები თავის მოციქულებს, თქვა: „თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი…. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილონ საქმენნი თქუენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქუენსა ზეცათასა“ (მთ. 5, 14-16). (ანუ: თქვენ ხართ სამყაროს ნათელი…. ასე გაბრწყინდეს თქვენი ნათელი ადამიანების წინ, რათა ნახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ თქვენი ზეციერი მამა). აქ ნათლად ჩანს, რომ ქრისტეს მოციქულების ნათელი, არის მათი ღვთივსულიერი ცხოვრების კეთილი და კარგი საქმეები. წმინდანები სხვა ცხოვრებაში მიემსგავსებიან უფალს, გახდებიან „მადლით ღმერთები“. ამას ნათლად წარმოაჩენს უფალი თავისი საწინასწარმეტყველო სიტყვებით: „მაშინ მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში“ (მთ. 13, 43).

კომენტარები