რა მოითხოვა ქართულმა მხარემ – ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ფარგლებში შეხვედრა დასრულდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 96-ე შეხვედრა 7 საათს გაგრძელდა. მხარეები ერთმანეთს 11-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად, COVID-19-ის გამო არსებული რეგულაციების დაცვით, ღია სივრცეში შეხვდნენ.

ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა კონკრეტული შედეგის გარეშე. ხვიჩა მღებრიშვილის მისამართით გაჟღერებული ბრალდება, თითქოს ის ღამურების დასაჭერად იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასული დე ფაქტო ცხინვალმა არ დაადასტურა. დღეს მიღებული ინფორმაციით მას საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

რაც შეეხება 11 ივლისს დაჭრილ ზაზა გახელაძეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქართული მხარის განმარტებით სროლა და ნებისმიერი ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან გარემოს უსაფრთხოებას აზიანებს.

უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად მუშაობა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 24 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს.

-„მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი.

უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“ – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. ხვიჩა მღებრიშვილს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია უკანონოდ დაკავებული 45 წლის კაცის ოჯახმა წითელი ჯვრისგან მიიღო.

მღებრიშვილის მდგომარეობა ნორმალურია.

სოფელ მეჯვრისხევიდან ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს გაიტაცეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის „მათ ტერიტორიაზე“ ღამურების შესაგროვებლად გადავიდა. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ერთი ღამურის სანაცვლოდ 5 000 დოლარის აღებას ცდილობდა.

კომენტარები