რა უშლის ხელს ბავშვის სიმაღლეში ზრდას და რა უნდა იცოდეს მშობელმა?

როგორ იცვლება ბავშვის ზრდის ტემპი ასაკის მიხედვით, რით არის გამოწვეული ზრდის პრობლემები და სად უნდა ვეძებოთ მიზეზები, რამდენად არის სიმსუქნე და წონის დეფიციტი ენდოკრინული პრობლემა – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ენდოკრინოლოგი ნატა იმედაშვილი გვესაუბრება.

– ბავშვის ორგანიზმი მოზრდილისგან იმით განსხვავდება, რომ იგი განუწყვეტლივ იზრდება და ვითარდება. ზრდა განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან იწყება და სქესობრივი მომწიფების დასასრულს მთავრდება. ბავშვის სიმაღლის ზრდის ინტენსივობა და მისი საბოლოო დონე დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორზე, რომელიც მჭიდრო კავშირშია ენდოკრინულ სისტემასთან. ზრდის პროცესში მონაწილეობს ჰორმონთა მთელი გუნდი (ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, სასქესო, კალციუმის მარეგულირებელი ჰორმონი). თითოეულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. გარდა გენეტიკური და ენდოკრინული ფაქტორებისა ზრდაში დიდ როლს ასრულებს გარემო პირობები: კვება, კლიმატი, წელიწადის დრო, ფიზიკური აქტივობა, სოციალური პირობები და სხვა.

– როგორ იცვლება ბავშვის ზრდის ტემპი ასაკის მიხედვით?


– ზრდის ტემპი განსაკუთრებით მაღალია მუცლადყოფნის პერიოდში. დაბადების შემდგომ ტემპი ასაკის მატებასთან ერთად თანდათანობით მცირდება. პირველი წლის განმავლობაში ახალშობილი საშუალოდ 25 სმ-ს იმატებს. წლის პირველ მეოთხედში სიგრძის ნამატი ყოველთვიურად არის 3 სმ, მეორე მეოთხედში – 2,5 სმ. მესამე მეოთხედში – 2 სმ. და მეოთხე მეთხედში – 1 სმ. 1 წლის მერე ზრდის ტემპი უფრო ნელდება. ახალშობილი თავდაპირველ სიგრძეს 4 წლის ასაკში აორმაგებს და 12 წლის ასაკში ასამმაგებს.

– რით არის გამოწვეული ზრდის პრობლემები და სად უნდა ვეძებოთ მიზეზები?


– ზრდის პრობლემები, კერძოდ ტანდაბლობა შეიძლება იყოს როგორც ენდოკრინული გენეზის, ასევე არაენდოკრინული. ენდოკრინული დარღვევებით გამოწვეული ტანდაბლობა მხოლოდ 3-4%-ს შეადგენს. მიზეზი შეიძლება იყოს ზრდის ჰორმონის უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობა, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე. გარდა ამისა, ტანდაბლობის გამომწვევი შეიძლება იყოს გენეტიკური სინდრომები, როგორიცაა: ტერნერის სინდრომი, რასელ-სილვერის სინდრომი, პრადერ-ვილის სინდრომი და სხვა. რაც შეეხება არაენდოკრინული გენეზის ტანდაბლობას, მათ მიეკუთვნება: ზრდისა და სქესობრივი მომწიფების შეფერხების კონსტიტუციური ფორმები და ოჯახური ტანდაბლობა, რომელთა გავრცელება ტანდაბალ ბავშვთა შორის 40%-მდე აღწევს. ასევე ტანდაბლობა შეიძლება განვითარდეს სომატური დაავადებებისა და ფსიქოემოციური სტრესის ფონზე.
რაც შეეხება ტანმაღლობას, ექიმთან მიმართვის გაცილებით იშვიათი მიზეზია და არ აღიქმება ისე მწვავედ, როგორც ტანდაბლობა. ტანმაღლობის მიზეზი შეიძლება იყოს: ოჯახური ტანდაბლობა (რომელიც არ შეიძლება პათოლოგიად ჩაითვალოს), სინდრომები (კლაინფელტერის, მარფანის, სოტოსის, ჰომოცისტინურია და სხვა) და ენდოკრინული დარღვევები (ზრდის ჰორმონის სიჭარბე, ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, ჰიპერთირეოზი, ჰიპოგონადიზმი).

– რამდენად რეკომენდებულია ტანდაბლობის დროს ფიზიკური ვარჯიში და კონკრეტულად რა სპორტი? 


– ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს ადექვატური. კალათბურთი, ფრენბურთი, ცურვა და ასევე შვედური კედელი ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის გამომუშავებას, ხოლო ძლიერი ფიზიკური დატვირთვა პირიქით, თრგუნავს მას.
გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. აუცილებელია, კვების რაციონი მდიდარი იყოს ცოცხალი ბოსტნეულითა და ხილით, რძის პროდუქტებით, თევზით, ხორცით. სასურველია რაციონიდან გამოირიცხოს შაქრის შემცველი პროდუქტები, რომელსაც დამთრგუნველი ეფექტი გააჩნია ზრდის ჰორმონზე. აუცილებელია საკვების მიღებასა და ძილს შორის ინტერვალის გაკეთება (>3სთ). დიდი მნიშვნელობა აქვს ძილს, რადგან ზრდის ჰორმონი სწორედ ძილში გამომუშავდება.


– რამდენად არის სიმსუქნე და წონის დეფიციტი ენდოკრინული პრობლემა?


– სიმსუქნის შესაფასებლად იდეალურ მეთოდს წარმოადგენს სხეულის მასის ინდექსის შეფასება, რომელიც გამოითვლება მასა/სიმაღლის2 ( მოზრდილებში ნორმა 19-დან 25-მდეა). ეს მონაცემები ბავშვთა ასაკში მნიშვნელოვნად იცვლება ასაკის მიხედვით. ამისათვის არსებობს პერცენტილური ცხრილები, რომლის მიხედვითაც ვაფასებთ სხეულის მასის ინდექსის მაჩვენებელს.
წონა და მისი დინამიკა მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობის შესაფასებლად. სიმსუქნე შეიძლება იყოს პირველადი, ანუ მარტივი სიმსუქნე, რომელიც ვითარდება კალორიების დიდი რაოდენობის მიღებით და ჰიპოდინამიით. მეორად სიმსუქნეს რაც შეეხება, ვითარდება ენდოკრინული დარღვევების ფონზე (ჰიპოთირეოზი, ჰიპოგონადიზმი, ჰიპერკორტიციზმი), ასევე გენეტიკური სინდრომების ფონზე, თავის ტვინის სიმსივნეებისა და მათი მკურნალობის დროს სხივური თერაპიის, თავის ტვინის ტრავმისა და ინსულტის ფონზე.
არა აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი გენეზის იქნება სიმსუქნე, შედეგი ყველგან ერთია. ზიანდება თითქმის ყველა ორგანო და სისტემა. სიმსუქნე იწვევს შემდეგ დაავადებებს: არტერიულ ჰიპერტენზიას, დისლიპიდემიას, ასთმას, ძილის აპნოეს, ნაღვლკენჭოვან დაავადებებს, ცხიმოვან ჰეპატოზს, შავ აკნეს, ქცევით დარღვევებს, დეპრესიას, მეხსიერებისა და სწავლის უნარის დაქვეითებას.
ენდოკრინოპათიებიდან წონის დეფიციტს იწვევს ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებული სეკრეცია, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი. სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს საკვები პროდუქტების დეფიციტით, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებით, ნერვული ანურექსიით გამოწვეული.

– სიმსუქნის შემთხვევაში როგორ ხდება პრობლემის დიაგნოსტიკა?


– როგორც ზემოთ აღვნიშნე სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა იდეალურ მეთოდს წარმოადგენს. დიაგნოსტიკისათვის მნიშვნელოვანია მუცლის გარშემოწერილობა, რადგან ვისცერული სიმსუქნე შაქრიანი დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადების რისკს წარმოადგენს. ასევე ვაფასებთ კანის მდგომარეობას, არის თუ არა ჭარბთმიანობა, სტრიები, შავი აკნე და სხვა. იმისათვის, რომ გამოირიცხოს წონის განვითარების ენდოკრინული მიზეზები, აუცილებელია ჰორმონალური კვლევის ჩატარება.

– როგორ მკურნალობთ სიმსუქნეს?


– უმრავლეს შემთხვევაში საქმე გვაქვს მარტივ სიმსუქნესთან, რომლის დროსაც დიეტოთერაპია და ფიზიკური აქტივობა მკურნალობის ძირითად და შეუცვლელ მეთოდს წარმოადგენს.

სალომე გორგოშიძე

წყარო: www.mshoblebi.ge

კომენტარები