რა ხდება? – გრენლანდიაზე 500 მილიარდ ტონაზე მეტი ყინული დადნა?

2019 წელს მსოფლიოს უდიდეს კუნძულ გრენლანდიაზე 532 მილიარდი ტონა ყინული დადნა.

ამის შესახებ გერმანიაში, ალფრედ ვეგენერის სახელობის პოლარული და საზღვაო კვლევების ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა განაცხადეს.

გამოცემაში, Nature გამოქვეყნებული ნაშრომით, ეს რიცხვი 2012 წლის რეკორდულ მაჩვენებელს დაახლოებით 15 პროცენტით აჭარბებს.

დედამიწის ორბიტაზე განლაგებული სატელიტების საშუალებით შეგროვებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა:

-„გრენლანდიის მიერ ერთი წლის განმავლობაში დაკარგული ნახევარი ტრილიონი ტონა ყინულიდან 223 მილიარდი ტონა მხოლოდ ივლისის თვეში დადნა. კუნძულზე არსებული მყინვარებიდან მომდინარე წყალი ოკეანეებს შეუერთდა. ზღვის დონის მაჩვენებლის 1.5 მილიმეტრით მატება გამოიწვია.

სპეციალისტები ამის მიზეზად რეგიონში 2019 წელს დაფიქსირებულ განსაკუთრებულ სიცხეს ასახელებენ. მას წინ ორწლიანი სიცივის პერიოდი იყო.  ამან ყინულის საფარის დნობა ცოტა ხნით შეაფერხა.  მიუხედავად ამისა, კლიმატის ცვლილებამ გრენლანდიაზე უარყოფითი გავლენა მაინც მოახდინა, არაბუნებრივად მაღალმა ტემპერატურამ  მყინვარების მიერ ყინულის მასის დიდი დანაკარგი განაპირობა.

ყინულის მასის ასეთი  შემცირება გრენლანდიაში 2000 წლიდან დაიწყო,  შემდეგ ამ პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო,  თოვლის სახით მოსული ატმოსფერული ნალექი დანაკლისის ბოლომდე შესავსებად საკმარისი არ  არის.  მეცნიერებს ეს საფუძველს აძლევს, ივარაუდონ, -იმ შემთხვევაშიც კი,  მომავალში, თუ ამ რეგიონში ტემპერატურა აღარ მოიმატებს, მყინვარების დნობის პროცესის შეჩერება მაინც შეუძლებელია.

მსგავსი ტენდენცია საფრთხეს მთელი მსოფლიოსთვის წარმოადგენს. დამდნარი ყინულის ოკეანეში ჩადინება საუკუნის დასასრულისთვის წყლის დონის დაახლოებით 1 მეტრით მომატებას გამოიწვევს, ეს  ამერიკის შეერთებული შტატების ზღვისპირა რეგიონებსა და ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულებს დააზარალებს. შესაძლოა, 3000 წლისთვის  ეს მაჩვენებელი, 7 მეტრამდე გაიზარდოს, ამის  შედეგადა სანაპირო ზოლის მახლობლად მდებარე ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებს ოკეანე დაფარავს.

კომენტარები