„რემდესივირს“ მკვეთრი, მნიშვნელოვანი და დადებითი ეფექტი აქვს“ – ენტონი ფაუჩი
კომპანია Gilead Sciences-ში განაცხადეს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატის გამოკვლევის წინასწარმა შედეგებმა აჩვენეს, რომ პაციენტების სულ მცირე 50%-ის მდგომარეობა, რომლებსაც „რემდესივირით“ მკურნალობდნენ, გაუმჯობესდა, ხოლო ნახევარზე მეტი კი საავადმყოფოდან გაწერეს ორი კვირის განმავლობაში.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ ოპტიმიზმი გამოთქვა კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატის, „რემდესივირის“ გამოკვლევის წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით.
-„რემდესივირს“ მკვეთრი, მნიშვნელოვანი და დადებითი ეფექტი აქვს გამოჯანმრთელების დროის შემცირების კუთხით. ეს კონცეფციის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. რასაც ის ამტკიცებს, არის ის, რომ აღნიშნულ პრეპარატს შეუძლია ამ ვირუსის დაბლოკვა“, – განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ.
„ეს მონაცემები დამაიმედებელია. ისინი იმაზე მიუთითებენ, რომ პაციენტებმა, რომლებმაც 5-დღიანი კურსი გაიარეს, მსგავს კლინიკურ გაუმჯობესებას განიცდიან, იმ პაციენტების მსგავსად, რომლებმაც 10-დღიანი კურსი გაიარეს“, – განაცხადა არუნა სუბრამიანმა, კვლევის წამყვანმა სპეციალისტმა.