რითი განსხვავდება თხის რძე ძროხის რძისგან?

ძროხის და თხის რძე – ორი ტრადიციული პროდუქტია, რომელიც ოდითგანვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა, ჩვენს დროში ძროხის რძის წარმოებამ, თხის რძესთან შედარებით ბევრად უფრო მასშტაბური, კომერციული სახე მიიღო. ამჟამად თხის რძეს მხოლოდ ფერმერები აწარმოებენ.

რომელი რძე ჯობია – თხის თუ ძროხის?

თხის რძის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. ძველ რომსა და საბერძნეთში მას ელენთის დაავადებათა სამკურნალოდ იყენებდნენ. შუა საუკუნეების ექიმი ავიცენა თხის რძეს სამკურნალო სითხედ მიიჩნევდა. ერთ-ერთი მითის თანახმად, ღვთიური თხა ამალთეა თავისი რძით კვებავდა ზევსს. თხის რძისგან ამზადებენ სხვადასხვა სახის ყველს, არაჟანს, ჩუმამაწონს და სხვა ნაწარმს. ფართოდ ცნობილი შვეიცარიული ყველის მრავალი სახეობა ძროხისა და თხის რძეთა ნარევისგან მზადდება.

ძროხის რძეში არსებულ ჭარბ ცილას ორგანიზმი მთლიანად ვერ ითვისებს, მისი
აუთვისებელი ნაწილისგან კი ტოქსიკური ცილოვანი მჟავები წარმოიქმნება, რომლებმაც შესაძლოა სათავე დაუდოს ალერგიას, ფილტვების ანთებას, ქრონიკულ რინიტს, ნუშურა ჯირკვლების ანთებას (ტონზილიტს), ადენოიდებს, რევმატულ დაავადებებს, გასტრიტს, კოლიტს, სიმსივნურ პათოლოგიებს. ტოქსიკური მჟავების წარმოქმნის საშიშროება კი ღამით უფრო მაღალია.

თხის რძე, ისევე როგორც ძროხის, კაზეინის შემცველია, მაგრამ, მისგან განსხვავებით პრაქტიკულად არ შეიცავს ალფა-1S-კაზეინს, რომელიც რძეზე ალერგიის გამომწვევი ძირითადი ფაქტორია, ამიტომაც ძროხის რძეზე ალერგიის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია თხის რძე. კაზეინი ამინმჟავებით გაჯერებული ცილაა, რომელსაც ორგანიზმი ძალიან ნელა ითვისებს და ასევე ნელა გამოდევნის.

ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრები დაუფიქრებლად ირჩევენ თხის რძეს, მაწონს და ყველს, რადგან თხის რძეში სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა ძროხის რძესთან შედარებით გაცილებით მეტია. ესენია: მინერალები, ანტიოქსიდანტები, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, რკინა და მანგანუმი, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, მათ შორის – ასკორბინის მჟავას (ჩ ვიტამინს), რეტინოლს (A ვიტამინს), თიამინს (B1 ვიტამინს), რიბოფლავინს (B2 ვიტამინს) და ციანკობალამინს (B12 ვიტამინს). 100 გრამი თხის რძის ენერგეტიკული ღირებულება 68 კილოკალორიაა.


თხის რძე შეუცვლელია კუჭისა და მხედველობის ორგანოების დაავადებების დროს, დიათეზისა და ძვლოვანი ქსოვილის დემინერალიზაციის პროცესში. სხვა ცხოველების რძესთან შედარებით მას მრავალი უპირატესობა აქვს. მაგალითად, მასში ძროხის რძეზე გაცილებით მეტია კალიუმი, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის. გარდა ამისა, ის მდიდარია კობალტით, რომლის გარეშე წარმოუდგენელია სისხლის წარმოქმნა. ის შეიცავს სიალის მჟავას, რომელიც შედის ორგანიზმის ბუნებრივი ბარიერული სისტემის სტრუქტურაში. თხის რძის ცილების უმრავლესობა ალბუმინებითაა წარმოდგენილი. ალბუმინები კუჭის წვენთან უკეთ ურთიერთქმედებს, იოლი ასათვისებელია და არ იწვევს კუჭ-ნაწლავის ფუნქციურ დარღვევებს. თხის რძის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ნაკლებცხიმიანია. ცხიმების შემცველობა მასში 4%-მდე მერყეობს. ეს 4%-იც კი სრულად აითვისება და, რაც მთავარია, არ გროვდება ორგანიზმში. თხის რძე ლაქტოზის მცირე შემცველობით გამოირჩევა. ძროხის რძეში – დაახლოებით 13%-ით, დედის რძეში კი 41%-ით მეტი ლაქტოზაა, ვიდრე თხის რძეში, ეს კი მეტად მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვს. ამასთან, თხის რძით გამოწვეული დიარეის შემთხვევები პრაქტიკულად გამორიცხულია.

თხის რძეს ზოგჯერ თან გარკვეული სუნი სდევს. ეს ერთი მიზეზით არის განპირობებული. მამალი თხის სასქესო ჯირკვლებით განსაკუთრებული სეკრეტი გამომუშავდება, რომელსაც საკმაოდ არასასიამოვნო სურნელი აქვს. ეს სუნი ვრცელდება ყველაფერზე, რასაც კი ცხოველი მიეკარება. აქედან გამომდინარე, თუ თხის ფარაში მამალი თხაა, მაშინ რძეს სუნი ექნება.

თხის და ძროხის რძე ერთის მხრის მსგავსი, თუმცა საკმაოდ განსხვავებული პროდუქტია. მათ სხვადასხვა კვებითი ღირებულება და ადამიანის ორგანიზმზე განსხვავებულად ზემოქმედებენ. ეს ხსნის იმ ფაქტს რომ ადამიანები ბოლო დროს თხის რძით დაინტერესდნენ და ცდილობენ ძროხის რძე მაგით ჩაანაცვლონ.

იხილეთ ვიდეო:

წყარო: „мздо.рф“, „sport.wikireading.ru“.

კომენტარები