„როგორც სახელმწიფო, ისე კომერციული სტრუქტურები ჩართული არიან სტიქიის ლიკვიდაციის საკითხებში – ძალიან ბევრი ადამიანი ახლაც მუშაობს რაჭაში“ – მაია ცქიტიშვილი

-„არჩილ ჯაფარიძეს, თანამდებობიდან წასვლა  საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე სურდა. თანამდებობის პირებიც ადამიანები ვართ, გვაქვს ჩვენი გეგმები. ბატონ არჩილსაც თავისი გეგმები ჰქონდა. როგორც ჩანს, დღეს მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, აქედან გამომდინარე, ვცდილობ, მის გადაწყვეტილებას ადამიანურად ვცე პატივი.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში. ონის მერი და თვითმმართველობის წარმომადგენლები საათობრივად არიან ჩართული ამ პროცესში.  მინდა დავამშვიდო საზოგადოება, რაჭის მოსახლეობა, როცა ჩვენ სტიქიაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის ერთი თანამდებობის პირის საკითხი. პრაქტიკულად ყველა უწყება, როგორც სახელმწიფო, ისე კომერციული სტრუქტურები არიან ჩართული სტიქიის ლიკვიდაციის საკითხებში. ასევე ჩვენი საგანგებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასაზღვრო ძალები, მათი საავიაციო ტექნიკა, მაშველები.

მხოლოდ დღეს ვერტმფრენით 19 გაფრენა შესრულდა იმ 5 სოფელში, რომელიც გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ამ გადაფრენების შედეგად 3 დღის განმავლობაში 368 ადამიანი იქნა გადაყვანილი. ყველა ადამინს, ვისაც გადაადგილების ცენტრთან დაკავშირების პრობლემა აქვს, მიეწოდა წამლები, საკვები და ბავშვებისთვის საჭირო ნივთები. ძალიან ბევრი ადამიანი ახლაც მუშაობს რაჭაში, მოსახლეობას დისკომფორტი რომ არ შეექმნას.

რაჭაში მომხდარი სტიქია და გუბერნატორის გადადგომა ერთმანეთს დროში დაემთხვა. სხვა კავშირი, ამ ორ მოვლენას შორის არ არის“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერში“ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

სტიქია რაჭაში – ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე რიონი ადიდდა.

დაიტბორა ნაკვეთები, განადგურდა ნათესები, დაზიანდა ხიდები და ნაკვეთებამდე მისასვლელი გზა ჩამოშალა. გარესამყაროს სულ 12 სოფელია მოწყვეტილი. მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

 

კომენტარები