როგორ დახვრიტეს ტიციან ტაბიძე

უნდა იცოდეთ ეს შემაძრწუნებელი ისტორია, ოხ, ბერიას…!

როგორ დახვრიტეს ტიციან ტაბიძე

მეოცე საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიები საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს შეეხო, გამონაკლისი არც ქართული მწერლობა იყო. მაშინდელი ხელისუფლება ქართველ მწერლებს და პოეტებს საბჭოთა ხელისუფლების და მისი ბელადის სადიდებელი ნაწარმოებების შექმნას აიძულებდა, ვინც ამას არ დათანხმდებოდა, მათი საბოლოო ხვედრი დახვრეტა, ან შორეული ციმბირში გადასახლება იყო.
იმ რეჟიმის, რომელმაც უამრავი უდანაშაულო და ნიჭიერი ადამიანი შეიწირა, მსხვერპლია ქართველი სიმბოლისტი პოეტი, “ცისფერყანწელთა” მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი ტიციან ტაბიძე, რომელიც ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.
დღევანდელ ჩვენს სტატიაში სწორედ ამ ლეგენდად ქცეულ პოეტზე და მის ტრაგიკულ ბედზე გვინდა რამდენიმე ეპიზოდი შევახსენოთ ჩვენს მკითხველს.
როგორ ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლება ქართველ მწერლებს და პოეტებს
საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან შექმნილი იყო აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილება და პოლიტიკური განათლების მთავარი სამმართველო, რომლებსაც მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში ჩარევისა და ცენზურის შეუზღუდავი უფლება ჰქონდათ.
ლიტერატურის დარგში ამ საქმის დიდოსტატი იყო რაპი (რუსეთის პროლეტარ მწერალთა ასოციაცია), რომლის ფილიალი საქართველოშიც ფუნქციონირებდა.
საბჭოთა ხელისუფლება ურჩ მწერლებს და პოეტებს, რომლებიც პარტის და ბელადის ხოტბაზე უარს ამბობდნენ, პროლეტარ მწერლებს უპირისპირებდა და მწერალთა კავშირიდან რიცხავდა.
1937 წელს კი საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველმა მდივანმა ლავრენტი ბერიამ პირდაპირ გაილაშქრა ურჩი ქართველი მწერლებისა და პოეტების წინააღმდეგ. ტიციან ტაბიძის ტრაგიკული ამბავიც მის სახელს უკავშირდება.
1937 წლის 1 ივნისს საქართველოს საბჭოთა მწერლების პარტორგანიზაციის სხდომაზე ერთ-ერთმა პროლეტარმა მწერალმა თქვა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ტიციან ტაბიძის ბინაში იმყოფებოდა დივერსანტი აღნიაშვილი, რომ “ცისფერყანწელები” (იაშვილი, ტაბიძე, ლეონიძე და სხვები) დაკავშირებული იყვნენ მოსკოვში ბუხარინთან, კამენევთან და ათასობით რუბლს იღებდნენ რაღაც მოლაპარაკებების სანაცვლოდ.
მწერალთა კავშირმა მიიღო დადგენილება, მოეწვიათ პრეზიდიუმის სხდომა და სხვა საკითხებთან ერთად დაესვათ ტიციან ტაბიძის კავშირიდან გარიცხვის საკითხი. ტაბიძე მართლაც გარიცხეს, პროლეტარი მწერლები კი ამაყად აცხადებდნენ, რომ “მწერალთა კავშირში მოქმედებდა კონტრრევოლუციური ორგანიზაცია, ჩვენ მას ხერხემალი გადავუმტვრიეთ, თუ სადმე დარჩა მათი კუდები, უნდა მოვძებნოთ და გავაგდოთო”.
მართლაც მწერალთა კავშირიდან გაგდების შემდეგ ტიციანი დააპატიმრეს, წაუყენეს ბრალდება, თითქოს ის ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა პიროვნების მიერ რამდენიმე კონტრევოლუციურ ორგანიზაციაში იყო გადაბირებული. ტიციანის მეუღლე ნინო მაყაშვილი წერდა, რომ ტიციანი 1937 წლის ოქტომბერში ლავრენტი ბერიას პირადი განკარგულებით დააპატიმრეს.
ბერიამ თავის კაბინეტში დაიბარა ტიციან ტაბიძე, დააბრალა რუს მწერლებთან მეგობრობა და მოსთხოვა ცილი დაეწამა პოეტ პაოლო იაშვილისთვის, რომელიც ორი თვით ადრე ტიციანის დაპატიმრებამდე სწორედ ბერიამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. როცა ტიციანმა უარი განაცხადა მეგობრის ხსოვნის შეურაცხყოფაზე, ბერიამ მისი დაპატიმრების განკარგულება გასცა.
შეიძლება ეს ამბავი მართალი არ იყოს, მაგრამ მისი თანამედროვეები შემდეგ ამბობდნენ, რომ როცა ტიციან ტაბიძე დააპატიმრეს, აწამებდნენ და მოსთხოვეს, შეთქმულთა რაზმის უფროსის სახელი გვითხარიო, მან გიორგი სააკაძე ჩააწერინა და მერე კარგა ხანს ეძებდნენ ქართველ სარდალს რეპრესიებიდან გადარჩენილ მწერალთა რიგებში.
რაც შეეხება რუს მწერლებთან ტიციანის მეგობრობას, იგი მართლაც მეგობრობდა მაიაკოვსკისთან, ესენინთან, პასტერნაკთან და სხვებთან, ამ მეგობრობას უფრო ძმობა ეთქმოდა, ბორის პასტერნაკს სასიკვდილო სარეცელზე ბალიშის ქვეშ ორი
Advertisement
წერილი ედო, რილკესი და ტიციანის. ტიციანის დაპატიმრების შემდეგ მწერალს მაგიდაზე ცარიელი ფურცლები დარჩა, მისმა მეუღლემ, ნინო მაყაშვილმა პასტერნაკს აჩუქა, რომელმაც თავისი უკვდავი რომანის “ექიმი ჟივაგოს” წერა სწორედ ამ ფურცლებზე დაიწყო.
1937 წლის ოქტომბრის ღამეს კი უსაყვარლეს მეუღლეს და ერთადერთ ქალიშვილს ნიტას ამ სიტყვებით გამოემშვიდობა: “იცოდეთ ერთი რამ, ჩემი სახელის ხსენებისა და ხალხისთვის თვალში ჩახედვის არასდროს შეგრცხვებათ”.
როგორ დახვრიტეს ტიციან ტაბიძე
ტიციან ტაბიძემ სიცოცხლის უკანასკნელი თვეები შინსახკომის ჯურღმულებში გაატარა, ამ პერიოდს გვამცნობს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალო კომისარიატის საგამოძიებო ნაწილის საქმე N10. 817. სწორედ ამ საქმის დეტალებსა და შედეგებზე ესაუბრა “რეზონანსს” ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სოსო სიგუა.
სოსო სიგუა: “შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საგამოძიებო ნაწილის საქმე N10.817 შედგება 220 ფურცლისგან, შედგენილია რუსულ ენაზე და მოიცავს ტიციანის ე.წ. მავნებლურ მოქმედებათა ძიების პროცესს. საკავშირო კომპარტიის (ბ) ცეკას 1937 წლის თებერვალ-მარტის პლენუმზე სტალინმა სახელმწიფო ტერორი გამოაცხადა.
საბჭოთა კავშირი ისედაც ერთი უზარმაზარი საპყრობილე იყო, მაგრამ იმჯერად დაიწყო ტოტალური წმენდა, განუკითხავი ნადირობა ადამიანებზე… პარტიის მითითებით კიდევ უფრო გააქტიურდნენ საგამოძიეო და დამსჯელი ორგანოები. საეჭვოდ მიჩნეულ მოქალაქეთა დამუშავებას ჰქონდა ორი ფორმა – ფარული (ცეკა-სა და შინსახკომში) და ღია (კრებებსა და პრესაში). ორივე მათგანი პარალელურად მიმდინარეობდა, მაგრამ მათზე ან მათ კავშირზე ეჭვმიტანილს წარმოდგენა არ ჰქონდა. მხოლოდ ბოლო მომენტში საბედისწეროდ გადაჰკვეთდა ეს ორი ხაზი ერთმანეთს.
1937 წლის 15 მაისს საქართველოს კომუნისტთა მე-10 ყრილობაზე მოხსენებით გამოვიდა ლავრენტი ბერია. ერთი მხრივ, იგი ლაპარაკობდა საბჭოთა საქართველოს არნახულ მიღწევბეზე, მეორე მხრივ – მთელ რისხვას თავს ატეხდა ტროცკისტებს, მავნებლებს, სხვადასხვა ჯურის ბანდიტებს – ძირითადად ინტელიგენციას, მწერალთაგან განსაკუთრებული სისასტიკით მსჯელობდა პაოლო იაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილის, გიორგი ლეონიძის, ტიციან ტაბიძის შესახებ. მანამდე ხომ უკვე მოასწრეს არაერთი მწერლის რეპრესირება, ახლა სხვების ჯერი დადგა.
შინსახკომში ნაწამები პატიმრები ცრუ და დამღუპველ ჩვენებებს იძლეოდნენ. 27 მარტს ლიდა გასვიანი (დაპატიმრებამდე – სახელგამის განყოფილების გამგის მოადგილე) ასახელებს ტროცკისტული და ფაშისტური ორგანიზაციის წევრებს (გამსახურდია, ჭიჭინაძე, ჯავახიშვილი, აბაშელი) ხოლო 3 აპრილს აცხადებს, რომ აღნიაშვილის განკარგულებით გამოიცა ტიციანის ლექსების წიგნიც, რომელშიც ჩართულია ლექსები გრ. რობაქიძეზე, ლომინაძესა და დუმბაძეზე. ეს იყო პირველი სიგნალი გრიგოლ რობაქიძე – ტიციანის მასწავლებელი და მეგობარი გერმანიაში დარჩა და ფაშისტად მიიჩნეოდა. ხოლო ლომინაძე და დუმბაძე ტროცკისტები ე.ი. ხალხის მტრები იყვნენ.
მათი სიახლოვე და მათი მფარველობა პოეტს მძიმე დანაშაულად ეთვლებოდა. 21 მაისს ბუდუ მდივანი (დაპატიმრებამდე საქართველოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) მიუთითებს, რომ გასვიანმა მისი დავალებით ტერორისა და დივერსიისთვის სხვა მწერლებთან ერთად ჩაითრია ტიციანი. როგორც ვხედავთ, ტიციანი ტერორისტიც ყოფილა! 12 ივნისს დავით წერეთელი (დაპატიმრებამდე – ლიტფონდის დირექტორის მოადგილე) უჩვენებს, რომ ტიციანიც ანტისაბჭოურად არის განწყობილი, მსჯელობს აუტანელ პარტიულ რეჟიმზე, აკრიტიკებს ბერიას, ამბობს, რომ არ არის შემოქმედებისათვის საჭირო პირობები, რომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და გააგდონ ბერია.
9 ოქტომბერს პავლე საყვარელიძემ (დაპატიმრებამდე “ფედერაციის” განყოფილების გამგე) ტიციან ტაბიძე ფაშისტურ-ნაციონალისტური ჯგუფის აქტიურ წევრად დაასახელა.
იმავე დღეს, შინსახკომის დადგენილებით, რომელიც დაამტკიცა სახალხო კომისარმა გოგლიძემ, გაიცა ტიციან ტაბიძის (მცხოვრები გრიბოედოვის ქ. N18) დაპატიმრების ორდერი N1.344. პოეტი დამნაშავედ იქნა მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58/10 და 11 მუხლით. განესაზღვრა ცალკე საკანში ყოფნა. ორდერი მიიღო ლეიტენანტმა კრიმიანმა, მე-2 ქვეგანყოფილების უფროსის თანაშემწემ. მანვე ჩაატარა პოეტის ბინის ჩხრეკა. დადგენილებას ხელს აწერს მე-4 განყოფილების უფროსი ქობულოვი, ერთვის “სპრავკა” გრიფით “სოვერშენო სეკრეტნო” – ამბობს სოსო სიგუა.
პოეტის ქალიშვილი ნიტა ტაბიძე იგონებს, რომ ღამის ორ საათზე მანქანის ხმა მოესმა. დედას და მამას არაფერი გაუგიათ. მკვდარივით ეძინათ. კარი გავაღე, ოთხნი იყვნენ, ტიციან ტაბიძე აქ ცხოვრობსო? მკითხეს და ქაღალდი მაჩვენეს – დაკითხვაზე უნდა წავიყვანოთო. მამა გავაღვიძე, მახსოვს, სავარძელში იჯდა, ხელები უთრთოდა, სიგარეტს ვერაფრით მოუკიდა. ისინი სახლს ჩხრეკდნენ. წაიღეს ფიროსმანის მიერ დახატული რუსთაველი, მამას პორტრეტი და ანდრეი ბელის ნაჩუქარი “დრევა ჟიზნი”. 3 საათზე სახლის ჩხრეკას მორჩნენ.
პოეტი ორთაჭალის ციხეში მოათავსეს. მეორე დღეს, 10 ოქტომბერს ტიციანმა წითელი მელნით შეავსო პატიმრის ანკეტა და ხელი მოაწერა. ამის შემდეგ 10 დეკემბრამდე საქმე N10.817 დუმს, არაფერი ვიცით, როგორ მიდიოდა ძიება, ან თუ გრძელდებოდა საერთოდ. პოეტი ცალკე საკანში იყო მოთავსებული. როგორც 1954 წლის ივნისში დაკითხვის დროს აღიარა ჩეკისტმა ვახტანგ არზანოვმა, კრიმიანი სასტიკად აწამებდა ტიციანს, რათა იგი გამოტეხილიყო, როგორც რომელიღაცა ორგანიზაციის წევრი.
ორთვიანი წამების შემდეგ, 10 დეკემბერს გაფორმდა ტიციან ტაბიძის დაკითხვის ერთადერთი ოქმი, რომელსაც ხელს აწერდნენ შინსახკომის მე-4 განყოფილების მე-6 ქვეგანყოფილების უფროსი ქადაგიშვილი და ოპერრწმუნებული პანკოვი. ყველა ფურცელს ხელს აწერს ტიციანი”.
დაკითხვის ოქმი
სოსო სიგუა: “დაკითხვის ოქმში პოეტი აღნიშნავს, რომ იგი იყო “ცისფერი ყანწების” წევრი, რომელსაც ნაციონალისტურ-ბურჟუაზიული, ფაშისტური ხასიათი ჰქონდა. მას ხელმძღვანელობდნენ ტიციანი, პაოლო და გრიგოლ რობაქიძე, ხოლო მათ იდეას იზიარებდნენ ვალერიან გაფრინდაშვილი, ნიკოლოზ მიწიშვილი, ალი არსენიშვილი, რაჟდენ გვეტაძე, სერგო კლდიაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ივანე ფიფია, გიორგი ლეონიძე.
ჯგუფი ოფიციალურად მოქმედებდა 1928 წლამდე, ფაქტობრივად კი არსებობდა ბრალდებულის დაპატიმრებამდე. ზოგიერთი წევრი, მაგალითად გრიგოლ რობაქიძე ეწეოდა ფაშისტურ მოღვაწეობას. ტიციანი “აღიარებს” რომ თურმე მასაც უცდია, შეექმნა საბჭოთა კავშირში “კონტრრევოლუციონერ მწერალთა გაერთიანება”, ამ მიზნით დაკავშირებია პასტერნაკს, ტიხონოვს, პავლენკოს, ტინიანოვს, ბაჟანს, ტინიანის, კორნეიჩუკს და სხვებს.
ესენი თარგმნიდნენ და ბეჭდავდნენ ქართულ ნაციონალისტურ ნაწერებს. თითქოს ტიციანი, პაოლო, მიწიშვილი, ლეონიძე იყვნენ საგამოცმემლო საქმის მონოპოლისტები და ასე ნიღბავდნენ კონტრრევოლუციურ მუშაობას, იკრებდნენ ახალგაზრდებს. მიზანი იყო – ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლებასთან, ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური წყობილების რეაბილიტაცია, საამისოდ მიმართავდნენ შპიონაჟს, დივერსიას, ტერორს”.
საბრალდებო დასკვნა
სოსო სიგუა: “არსებობს ტიციანის მხოლოდ ერთი დაკითხვის ოქმი, ისიც შედგა დაპატიმრებიდან ორი თვის შემდეგ, დახვრეტის წინა დღეებში. გამოძიების “დამთავრების” შემდეგ, საქმე გადაეცა პროკურატურას.
საბრალდებო დასკვნა თარიღდება 14 დეკემბრით. დასკვნაში ნათქვამია, რომ მხილებული და განადგურებული იქნა ტერორისტულ-დივერსიული, მავნებლური, ჯაშუშური ორგანიზაციები, რომელთაც აერთიანებდა საქართველოს ნაციონალური ცენტრი.
ცენტრის მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა, საქართველოს მოწყვეტა სსრკ-დან. დამოუკიდებელი საქართველოს ბურჟუაზიული სახელმწიფოს შექმნა ერთ-ერთი კაპიტალისტური სახელმწიფოს პროტექტორობით.
“დამტკიცდა”, რომ ტიციანი 1933 წლიდან მონაწილეობდა ფაშისტურ ორგანიზაციაში და ეწეოდა მავნებლურ მუშაობას ლიტერატურის ფრონტზე. რომ ჰქონდა რეგულარული კავშირი ტროცკისტულ ორგანიზაციებთან, რომ ჯაშუშობდა საფრანგეთის სასარგებლოდ.
ბრალმდებელი აღნიშნავს, რომ ტიციანმა, თავი დამნაშავედ ცნო ნაწილობრივ. მამხილებელ ჩვენებათა საფუძველზე, საქმე განსახილველად გადაეცა “სამეულს”. 15 ოქტომბერს შედგა “სამეულის” სხდომის ოქმი N67. მომხსენებელი იყო ქადაგიშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ ტიციან ტაბიძე მხილებულია გასვიანის, მგალობლიშვილის, საყვარელიძის, დარახველიძის, მიწიშვილის, წერეთლის, მიქაძის, ლომინაძის და კვიტაშვილის ჩვენებათა საფუძველზე. “სამეულის” თავმჯდომარე და წევრები ოქმს ხელს არ აწერენ, მაგრამ ოქმზე დასმულია შინსახკომის ბეჭედი და წითელი მელნით მიწერილია “რასტრელიატ. იმუშესტვა პრინადლ. ლიჩნა ემუ კონფისკავაც”. ხელმოწერა გაურკვეველია.
ტიციან ტაბიძე იმვე დღეს, 1937 წლის 15 დეკემბერს დახვრიტეს ისე, რომ “სამეულს” მისი საქმე ფორმალურადაც არ განუხილავს, ხოლო ოჯახს შეატყობინეს, ტიციანი უნდა გადაასახლონ და თბილი ტანსაცმელი გამოუგზავნეთო!
ნინო მაყაშვილი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, მთელი 28 წელი ელოდა მეუღლის დაბრუნებას. დედას კი შვილის ტანსაცმელი გამოჰქონდა აივანზე და ცხარე ცრემლებით ტიროდა – ტიტკო, შვილო სად ხარ ახლა…”

ნაწყვეტი სოსო სიგუას წიგნიდან “მოდერნიზმი”

ია აგულაშვილი
გაზეთი ”რეზონანსი”

ფოტოზე: ტიციან ტაბიძე მეუღლესთან ნინო მაყაშვილთან ერთად

 

კომენტარები