„როგორ მოხდება ამ ყველაფრის გაკონტროლება, სანქციონირება, ნათელი არაა… „ჩინური ვაქცინებით აღფრთოვანების ნაცვლად, EMA-ს ვაქცინების, თანაც, ხელისუფალთა მიერ დაპირებულის მოთხოვნაა“-რევაზ ბოჭორიშვილი

-„საფრანგეთმა  გამოაქვეყნა „9 ივნისიდან საზღვრების გახსნის სტრატეგია“. რეალურად ზოგიერთისთვის მართლაც გახსნაა, ზოგისთვის კი უფრო ჩაკეტვა… სავარაუდოდ,  ევროპის სხვა ქვეყნებიც მსგავს სქემას გამოიყენებენ.

https://www.gouvernement.fr/…/dossier_de_presse…

ამ დოკუმენტით ქვეყნები დაყოფილია სამ ფერად, “მწვანე, ნარინჯისფერ და  წითელ“ ქვეყნებად.

მწვანე ფერითაა გამოყოფილი  ქვეყნები, სადაც ვირუსი აქტიურად არ ცირკულირებს, ანუ ევროპა და ზოგი სხვა ქვეყანა (ავსტრალია, ახალი ზელანდია, სინგაპური, იაპონია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ლიბანი),

ნარინჯისფრით ქვეყნები, სადაც ვირუსის ცირკულაცია „კონტროლს ქვეშაა“ და განსაკუთრებულად საშიში შტამები არ დომინირებს.

წითლით ქვეყნები, სადაც „საშიში“ შტამებია გავრცელებული (სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, ბაჰრეინი, ბანგლადეში, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა, ინდოეთი, ნეპალი, პაკისტანი, შრი ლანკა, სურინამი, თურქეთი, ურუგვაი).

ანუ, მოქალაქეობის “ფერი“ და კიდევ უფრო მეტად, ვაქცინირებულობის სტატუსი განსაზღვრავს  9 ივნისიდან ქვეყანაში შემოშვება-არშემოშვებასა და ამის პირობებს.  საქართველო “ნარინჯისფერია”, იხილეთ შესაბამისი პირობების გადმოქართულებული სქემა.

მარტივად რომ ვთქვათ, “მწვანე ქვეყნებიდან“ საფრანგეთში შემოსვლა პრაქტიკულად უპრობლემოდ მოხდება, ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA)  მიერ აღიარებული ვაქცინებით სრულად აცრილებისათვის. ეს ვაქცინებია მხოლოდ  PFIZER, MODERNA, ASTRAZENECA და JOHNSON&JOHNSON-ის ვაქცინები.

თანაც, აცრა “ჩაითვლება“, თუ  2 კვირაა გასული ამ პირველი სამი ვაქცინის მე-2 დოზის გაკეთებიდან  და 4 კვირა ჯონსონის ინიექციიდან. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩინური ვაქცინები (არც რუსული) ევროპაში ნებადართული (აღიარებული) არაა და შესაბამისად, ამით აცრილები “აცრილებად“ არ მიიჩნევიან.

“ნარინჯისფრებისთვის“ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, აცრილია თუ არა ადამიანი და რომელი ვაქცინით.

თუ არის აცრილი, ცხადია, მხოლოდ EMA -ს აღიარებულით, პრაქტიკულად ისევე “მწვანე“ ექნება ანთებული, როგორც ნაღდი  „მწვანე“ ქვეყნების წარმომადგენლებს. თუ არა და… მხოლოდ „გადაუდებელი საჭიროების მოტივის“ დასაბუთებით შეეძლება შემოსვლა.

ამ „მოტივების“ ჩამონათვალიც მოყვანილია ზედა ლინკზე  და ის საკმაოდ მკაცრია… „წითელი“ ქვეყნებისთვის ძალზე შემზღუდავი… ანუ პრაქტიკულად, ამკრძალავი შემოსასვლელად.

“ნარინჯისფრებისთვის“ ოდნავ, სულ ოდნავ შემსუბუქებული… სხვათა შორის, ამ „უიღბლო“ ქვეყნებში წასასვლელადაც „გადაუდებელი საჭიროება“ უნდა იქნას დასაბუთებული აქ აუცრელებისათვის:  ოჯახური მიზეზები (მძიმე ავადმყოფობა, გარდაცვალება….), ეკონომიური საქმიანობა (რომელიც ონლაინ ვერ ხერხდება!). ექიმებს შეუძლიათ კიდევ გადაადგილება, გარკვეული ზუსტი პირობებით, ისევე, როგორც სპორტსმენებს და ზოგიერთი კატეგორიის სტუდენტებსა თუ მეცნიერებს… აქაც ბევრი შემზღუდავი დეტალია.

ტურიზმი, კონფერენციები, გამოფენები, ფესტივალები და სხვა უამრავი ადრე ბანალური “მიზეზი“  არ ითვლება საფრანგეთში შემოსვლისათვის საკმარის მოტივად…

როგორ მოხდება ამ ყველაფრის გაკონტროლება, სანქციონირება, ნათელი არაა. ალბათ, რაღაც მექანიზმები შეიქმნება.

ფაქტია, რომ ევროპაში მოსახვედრად უმთავრესი სეზამი ვაქცინაციაა. ჩინური ვაქცინებისთვის ჯანმოს “ნებართვის“ მინიჭება ევროპისთვის რომ არაფერს ცვლიდა ეს თავიდანვე ნათელი იყო. ცხადია, საქართველოსთვის სულ უვაქცინობას  სჯობდა მათი გამოყენება, თუმც ჩემთვის (და ბევრისთვის) უამრავი კითხვები რჩებოდა მათი ეფექტურობა/ გვერდითი მოვლენების შესახებ… მოგზაურობების გართულება ერთ ერთი ასეთი არასასურველი შედეგია. ყოველ შემთხვევაში ევროპაში  მოსახვედრად  ეს “ნაჩუქარი “(ნაჩუქარი კი ?) ვაქცინები უვარგისია.

ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, სინანულითაც ვწერ. კოლეგები, სტაჟიორები, სტუდენტები უნდა ჩამოსულიყვნენ სხვადასხვა „ნარინჯისფერი“ ქვეყნიდან  და ახლა გაუჭირდებათ… „წითელ“ ქვეყნებზე ლაპარაკიც აღარაა…

„გამწვანების“ პერსპექტივა საქართველოსთვის არარეალურია, დიდხანს… „გაწითლება“ შესაძლებელი… ევროპაში მოგზაურობა ყველას არ ადარდებს ცხადია… მაგრამ თუნდაც ინვესტორებისთვის ან ტურისტებისთვის “ნარინჯისფერი“ ქვეყნებიც პრაქტიკულად ჩაკეტილია.

ასე რომ, ჩინური ვაქცინებით (და ჯანმოთი)  აღფრთოვანების ნაცვლად,  EMA-ს ვაქცინების, თანაც, ხელისუფალთა მიერ დაპირებულის მოძიება  (მოთხოვნაა) საჭირო“,- წერს საფრანგეთში მოღვაწე ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები