როგორ უნდა გამოიყენოს აბიტურიენტმა გამოცდაზე პირბადე – კონდიცირების გამოყენება გამოცდების პროცესში

-„კონდიცირების გამოყენება გამოცდების პროცესში შესაძლებელია, მაგრამ აუცილებელია, ადამიანებს ამ დროს ეკეთოთ პირბადე.

აბიტურიენტებს ჰქონდათ წუხილი, პირბადით მუშაობა 3-4 საათის განმავლობაში შემაწუხებელია. აქაც გამოიანახა კომპრომისი. აბიტურიენტი შენობაში უნდა შევიდეს გამოცდაზე პირბადით. პირბადე უნდა ეკეთოს საგამოცდო ბილეთის აღების დროს, კომისიის წევრებთან და ზედამხედველებთან კონტაქტის დროს.

ერთადერთი, როდესაც აბიტურიენტი დაჯდება მაგიდასთან, – შეუძლია მოიხსნას პირბადე. მაგიდები არის განლაგებული უფრო მეჩხერად, ახლა ერთ ოთხში უფრო ცოტა მაგიდაა.

მაგიდებს შორის არის მინიმუმ 2-მეტრიანი დისტანცია, არის ე.წ. დეზობარიერი, ანუ სრულად დაცულია აბიტურიენტი.

მაგიდაზე დაჯდომის დროს, ჩვენ ვუშვებთ ამ გამონაკლისს, – თუ არ უნდა პირბადის ტარება, აბიტურიენტს შეუძლია მოიხსნა, თუმცა, თუ საკითხის გასარკვევად ზედამხედველს დაუძახებს, ან საპირფარეშოში გასვლა მოუნდება, უნდა გამოიყენოს პირბადე.

პირბადის მოხსნა მხოლოდ მაგიდასთან, მუშაობის პროცესში შეუძლია. ამისთვის არავინ დასჯის“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

-„იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტი საგამოცდო ადგილას აუცილებლად უნდა მივიდეს პირბადით, მაგიდასთან დაჯდეს (დეზობარიერით იქნება უზრუნველყოფილი),  გამოცდის ჩაბარების პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ,  პირბადე მოისხნან, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული. რა თქმა უნდა, ფანჯრები ყველგან ღია უნდა იყოს.

იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები ჩვენ ასევე მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

აბიტურიენტები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრანტობის კანდიდატებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ. ამისთვის ისინი ვებგვერდზე naec.ge უნდა შევიდნენ. საგამოცდო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად აუცილებელი საბუთია და საგამოცდო პროცესის განმავლობაში ერთგვარი საშვის როლს ასრულებს.

ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო და რეკომენდაციები, რომლებიც გამოსაცდელებმა უნდა გაითვალისწინონ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი :

6 ივლისი -11 ივლისი – ქართული ენა და ლიტერატურა (I სესია)

12 ივლისი – ისტორია (I სესია) (II სესია)

13 ივლისი – ისტორია (I სესია)  (II სესია)

14 ივლისი – მათემატიკა (I სესია)

15 ივლისი – მათემატიკა (I სესია)

16 ივლისი – ბიოლოგია (I სესია)

17 ივლისი – (I სესია) რუსული ენა, ინგლისური ენა; (II სესია) ინგლისური ენა,

ფრანგული ენა

18 ივლისი – (I სესია) რუსული ენა, ინგლისური ენა; (II სესია) ინგლისური ენა;

19 ივლისი – (I სესია) გერმანული ენა; ინგლისური ენა; (II სესია) ინგლისური ენა;

20 ივლისი – ზოგადი უნარები (I სესია) (II სესია)

21 ივლისი – ზოგადი უნარები, ლიტერატურა (I სესია)

22 ივლისი – ფიზიკა, სახვითი ხელოვნება (I სესია)

23 ივლისი -გეოგრაფია (I სესია)

24 ივლისი – ქიმია (I სესია)

25 ივლისი -სამოქალაქო განათლება; სტუდენტთა საგრანტო კონკურსი (I სესია)

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:

1 აგვისტო (პირველი სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

2 აგვისტო (პირველი სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;

3 აგვისტო (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

4 აგვისტო (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით 25 ივლისს ერთ სესიად (პირველი სესია) ჩატარდება.

გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 35 წუთია.2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 3600-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

2020 წლის 30 აპრილს დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია.

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

საგამოცდო ცენტრები ყველა საჭირო ინვენტარით იქნება აღჭურვილი.

საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები

2020 წლის საგამოცდო პროცესის მაქსიმალურად სრულყოფილად წარმართვის მიზნით აქტიური მუშაობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან და სხვა უწყებებთან ერთად კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების პირველივე დღიდან დაიწყო. შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელშიც ასევე ჩართულია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი); სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“. უწყებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მუდმივ რეჟიმში მუშაობენ საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი.

შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია მოიტანოს საკუთარი პირბადე). აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს.

გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:

მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;

მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;

მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;

თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მოტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი მოიხსნება გამოცდიდან.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეების კონდიციონერით გაგრილება მოხდება მხოლოდ სესიის დაწყებამდე და გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის, თერმოსკრინინგისა და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები. აღნიშნული რეკომენდაციები იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე 👉 https://www.moh.gov.ge/…/Brdzaneba_01-227_Danarti_N22_Sagam… .

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოცდის ჩაბარების მსურველებს, რომ სიახლეები შეეხება მხოლოდ გამოცდებზე მოქცევის წესებს და არა მათ ფორმატს ან შინაარს. წინა წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები იქნება შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.

საგამოცდო ცენტრებში მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში იმუშავებენ სამედიცინო და პოლიციის პუნქტები. საგამოცდო პროცესი ჩაიწერება ვიდეოკამერებით.

მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირების შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს მომავალში აცნობებს.

კომენტარები