როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები და როგორ იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები? – სოფო გორგოძე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ „იმედის დილის“ ეთერში პირდაპირი ჩართვისას აბიტურიენტებს სკოლის დამთავრება მიულოცა.

-„მათ უცნაურ გარემოში მოუწიათ სწავლის დასრულება, თუმცა რეალური ცხოვრება ასეთია.

ეს არის რეალური გამოწვევები. დარწმუნებული ვარ,  ამას გაუმკლავდებიან. ეროვნული გამოცდების თარიღები ყოველთვის ივნისის თვეში ცხადდებოდა. ახლაც ვემზადებით, ყველანაირად მზად ვართ, რომ ივლისში დაიწყოს გამოცდები. მაინც ყველაფერი ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. ივნისის თვეში მეტი ინფორმაცია გვექნება, თუ რა ხდება ამასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ზუსტი თარიღები ივნისში გამოცხადდება.

თუ როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები და როგორ იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები, ვმუშაობთ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებთან ერთად. საბოლოოდ ეს პროტოკოლი დამტკიცებული არ არის. მოვლენებს  რომ არ გავუსწრო, ვიტყვი, რომ ნამდვილად ყველაზე მთავარი აბიტურიენტებისა და სხვა აპლიკანტის უსაფრთხოებაა. ასევე ის, რომ მათ შეძლონ ნორმალურ პირობებში გამოავლინონ ცოდნა. უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება იმის მიხედვით, რა რეკომენდაციებსაც გვაძლევს ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე ზუსტად ვიცით, რომ ერთ სექტორში 10 გამოსაცდელზე მეტი არ უნდა დავსვათ, ისინი უნდა ისხდნენ შესაბამისი დისტანციით“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

 

კომენტარები