„როდესაც ვხედავ, რა შენდება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს“ – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

-„როდესაც ვხედავ, რა შენდება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

პირველად მომეცა შესაძლებლობა, მოვსულიყავი საოკუპაციო ხაზთან. ნამდვილად ვაფასებ შანსს, რომ მენახა საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი. საკუთარი თვალით ვხედავ მანამდე ამ ლამაზ სოფლებში ერთად მცხოვრები ადამიანების დაშორებით გამოწვეულ ტრაგედიას. ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და როდესაც ვხედავ, რა შენდება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები, იმ ხელშეკრულებით, რომელიც ხელმოწერილია მის მიერ.

ვფიქრობ,  უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული ბორდერიზაციის საკითხები ძალიან შემაშფოთებელია. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე აქ მოვედი, რათა მენახა ჩემი თვალით, რა ხდება. განსაკუთრებით კოვიდის დროს, როდესაც ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გადავარჩინოთ სიცოცხლე, დამატებითი საფრთხე ბორდერიზაციის სახით არაჰუმანურია. როგორც ვიცი, გადასასვლელები დაიკეტა სექტემბერში, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და მათი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება რომ ჰქონოდათ. გულდასაწყვეტია ამგვარი სამხედრო-პოლიტიკურ ვითარების ნახვა“ – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა.

კომენტარები