„როდესაც ზიარება გსურს, შედი ნებისმიერ ტაძარში, რომელშიც საღმრთო ლიტურგია აღესრულება – როცა შენი გულის გახსნას ეხება საქმე – ყურადღებით შეარჩიე“

წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს:

-„როდესაც ზიარება გსურს, შედი ნებისმიერ ტაძარში, რომელშიც საღმრთო ლიტურგია აღესრულება და ეზიარეო, მაგრამ ასე როდია საქმე, როცა შენი გულის გახსნას ეხება საქმე – ყურადღებით შეარჩიე, ვის მიაშურებ სასაუბროდ, შუბლზე ოფლი უნდა გადაიდინო, ვიდრე იმ პიროვნებას იპოვნი, შენი სულის ყველაზე ქალწულებრივ, თვითნაბად ამოძახილთ რომ მოისმენს.
მე წმინდა მამა არ ვარ, მაგრამ ერთსაც დავსძენ:
თუკი ბავშვობიდან დაატარებ დანაშაულის გრძნობით დაწყლულებულ სულს, თუკი მგრძნობიარობის სახმილში იტანჯები, თუ შენს თვალებს სილამაზე და სიყვარული ცრემლს მოადენს, თუკი მოსიყვარულე მკლავებს ეძებ, რომ გულში ჩაგიკრას და ყოფიერების კოშმარებს თავი დააღწიო, ყურადღებით შეარჩიე, ვის ეტყვი აღსარებას და რჩევას ვისგან ითხოვ.
ილოცე, ეძიე არა ვინმე სახელგანთქმული, “ათონელი”, მჭვრეტელი და სასწაულთმოქმედი, არამედ ის, ვინც ქრისტეთი და ქრისტესთან ცოცხლობს. ეს კი ნიშნავს
მოყვარულ და მდაბალ გულს, მამობრივს, ადამიანურ გულს.
უსმინე იოანე კიბისაღმწერელს: “ნუ ეძიებთ წინასწარმცნობელს, არამედ- გულითად, მდაბალ კაცთ.”
ყურადღებით იყავი, სინდისის ქენჯნებით არ აღგავსოს მღვდელმა მხოლოდ იმის გამოც კი, რომ არსებობ და სუნთქავ, თავისი ჩრდილებით შენც არ დაგიბინდოს ყოფა.
მე პირადად, მრავალი მცდარი არჩევანი გამიკეთებია და ძვირადაც დამიჯდა. ერთხელ ერთმა მოძღვარმა, რომელიც ერთ-ერთი იმათგანი იყო, ღმერთს რომ ცხოვრებისეულად იცნობენ (და, ამის გამო, სიყვარული, სიმდაბლე და დაუჯერებელი თავისუფლება მოუპოვებიათ), თითქმის აცრემლებულმა მითხრა:
“შენი საფარველი აბრეშუმის იყო, უხეშად და დაუდევრად მოქაჩეს და გაფხრიწეს. ახლა ერთად შევეცდებით ამოკემსვას, მაგრამ ჭრილობა მაინც გამოჩნდება…”
________
მამა ხარალამპე პაპადოპულოსი, თანამედროვე მოძღვარი და მქადაგებელი

კომენტარები