„როდესაც თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, უშენდნენ ქვებს, გაფრთხილება ვერ მოესწრებოდა“ – მამუკა მდინარაძე

შეკითხვის საპასუხოდ, –   რატომ არ გააფრთხილეს მათ აქციის მონაწილეები წინასწარ, წყლის ჭავლის გამოყენების თაობაზე,  „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა:

-„როდესაც თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, უშენდნენ ქვებს, გაფრთხილება ვერ მოესწრებოდა.

ვნახეთ კადრები, – აქციის მონაწილეები ღობეს ანგრევდნენ და ქვებს ესროდნენ პოლიციელებს. ასეთ დროს ნებისმიერ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება. როდესაც თავს გესხმიან, ამ შემთვევაში გაფრთხილებას ვერ დაიწყებ, ეს მარტივი იურიდიული კაზუსია. გაფრთხილება ხდება მაშინ, როდესაც არის ყველანაირი დაშლის წინაპირობა, მაგრამ მყისიერი თავდასხმა არ არის. სხვა გზა ვერ ექნებოდა პოლიციას, თუ არა მყისიერი საპასუხო და პროპორციული რეაგირება,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცესკოს შენობასთან, დამატებითი რკინის კონსტრუქციები განათავსეს.

მიმდებარე ტერიტორიაზე დანგრეულია ღობეები, შენობის წინ დიდი რაოდენობით ქვები და წყლის ბოთლები ყრია.

8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნებია: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.

ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.

აქციისას 30-მდე ადამიანი დაშავდა. აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს.

კომენტარები