„როდესაც იწყება თანაცხოვრება, რა თქმა უნდა, ამოტივტივდება ადამიანის უარყოფითი მხაეები – შენ შენს მეუღლეში, როგორც სარკეში, გინდა დაინახო შენი ნაკლი, ეს არის ნამდვილი სიყვარული“ – დეკანოზი საბა ჭიკაიძე

-„როდესაც იწყება თანაცხოვრება, რა თქმა უნდა, ამოტივტივდება ადამიანის უარყოფითი მხაეები.  იდეალი გემსხვრევა. აი, აქ არის საჭირო სწორედ ბრძოლა, აქ არის საჭირო სიყვარული,  შენ რეალური ადამიანი რომ შეიყვარო, ვინც არის ის და არა ის, ვინც შენ გეგონა,-  ის ადამიანი იყო. ის რეალური უნდა შეიყვარო, თავის ნაკლიან-ღირსებიანად. როდესაც ეს დაპირისპირება იწყება, იქ დგება უკვე სიყვარულის პრობლემა. ადამიანმა კუთვნილებითი ნიშნით თუ მოიყვანა ცოლი, – ის საუკეთესოა და ის არის, ვინც მე მჭირდება, შემდეგ აღმოაჩენს, -ისეთი არ არის. შემდეგ ის მიდის დასკვნამდე, რომ მას შეეშალა.

რატომ ანგრევენ ადამიანები ოჯახს? ზუსტად ეგოიზმი აკეთებს ამ ყველაფერს. როდესაც ეგოისტური დამოკიდებულებით არის ოჯახი შექმნილი, საფუძველი არის არასწორი. შენ ოჯახს იმისთვის ქმნი, რომ კომფორტული ზონა შეიქმნა. როგორც კი კომფორტული ზონა ირღვევა, პრობლემებს ქმნის მეორე ნახევარი, იწყება: „რაღაც არ მომწონს, აღარ მიყვარხარ.“ სიყვარული არის, როდესაც ქალიც და ვაჟიც მომართული არის სულ სხვანაირად. ვაჟი ფიქრობს, მინდა დავოჯახდე, – ვიყო კარგი ქმარი, მამა, გოგოც ფიქრობს, -მინდა ვიყო კარგი დედა, კარგი მეუღლე. რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულებაა ამ შემთხვევაში. შენ გწყურია, – მსხვერპლი გაიღო. შენთვის თავიდანვე ოჯახი კომფორტის და სიამოვნების ზონა კი არ არის, არამედ ღვაწლის ასპარეზია. შენ გინდა, – შენ დაიხარჯო. აი, ეს არის სიყვარული. შენ გინდა, მისთვის იცხოვრო. ამ დროს შენ სრულყოფილს აღარ ეძებ მასში. პირიქით, იცი, – ის ჩვეულებრივი ადამიანია. შენ იცი, – არც შენ ხარ სრულყოფილი. შენთვის ოჯახური ურთიერთობა სულიერი გაზრდის ასპარეზია.

მეუღლეები ერთმანეთს საკუთარი თავის დანახვასა და შეცნობაში უნდა ეხმარებოდნენ: -შენ შენს მეუღლეში, როგორც სარკეში უნდა დაინახო შენი ნაკლი. შეიძლება შენ ვერ ხედავ, მაგრამ მეორე ადამიანთან ურთიერთობაში ეს უკვე აისახება ძალიან ნათლად. ჩვენ ერთმანეთისთვის სარკეები ვართ. ეს ნამდვილი სიყვარული, როდესაც შენ წინასწარი გაქვს იმის განწყობა, რომ შენ უნდა მოითმინო, უნდა მიუტევო, აპატიო. შენ შენი უნდა დათმო. შენ ფიქრობ იმაზე, – შენი ბედნიერება ის იქნება, ის რომ კარგად იგრძნობს თავს შენს გვერდით. მაშინ ხარ შენ კარგი მეუღლე, როდესაც ის ჩათვლის ბედნიერად შენს გვერდით თავს. როდესაც ორივე მხრიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ასეთი ოჯახი იქნება ბედნიერი. ასეთი ოჯახი იქნება მშვიდი, ტკბილი.

ერიხ ფრომი არის საოცარი გერმანელი ფსიქოლოგი,  ამბობს, -როდესაც ოჯახი ინგრევა, ეს არ არის არჩევანის პრობლემა, ეს არის სიყვარულის არცოდნის პრობლემა. შენ არ იცი, – სიყვარული თავგანწირვაა. სიყვარული მისთვის ცხოვრება და აქედან სიხარულის, ბედნიერების მიღებაა,“ – განაცხადა დეკანოზმა, საბა ჭიკაიძემ  საპატრიაქროს ტელევიზიის გადაცემაში – „განთიადი“.

წყარო: ​საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

 

კომენტარები