როდის არის მიზანშეუწონელი დექსამეტაზონის გამოყენება – „ეს პირველი პრეპარატია, რომელმაც სიკვდილიანობის შემცირება“

-„დექსამეტაზონი და სხვა კორტიკოსტეროიდები, პრედნიზოლონი და სხვა, საქართველოში და ყველა ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება. ამაში ახალი არაფერია. იმ კონკრეტულმა კვლევამ უჩვენა, რომ მძიმე პაციენტების გარკვეულ პროცენტში იძლეოდა დამაიმედებელ შედეგებს, შეიძლება, ხვალ სხვა კვლევა გამოქვეყნდეს, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ ეს მთლად ასე არ არის. მაგრამ თვითონ კორტიკოსტეროიდები არის ფართედ მოხმარებადი მედიკამენტები. მათ შორის, კოვიდის დროსაც გამოიყენებოდა ფართოდ. ამ კორტიკოსტეროიდებს აქვს თავისი ჩვენებები, ისევე როგორც სხვა ყველა დანარჩენ მედიკამენტს.

ოფიციალური პროტოკოლებით და გაიდლაინებით, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინით, კორტიკოსტეროიდების გამოყენება არ არის რეკომენდირებული კოვიდის ჩვეულებრივი ფორმების დროს, რადგან ეს მედიკამენტები აქვეითებს ადამიანის იმუნიტეტს და ხელს უწყობს, რომ ვირუსმა გაიხანგრძლივოს თავისი არსებობა ადამიანის ორგანიზმში.

ტაქტიკა არის ასეთი, როცა ციტოკინური შტორმი არ არის გამოხატული, დექსამეტაზონის გამოყენება არ არის სასურველი და მიზანშეწონილი. მძიმე ავადმყოფებში, რომლებიც მოთავსებული არიან რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე, მათი გამოყენება გამოდგა კარგი, შეამცირა ლეტალობის მაჩვენებლები,“ – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორგანიზაციის ვებგვერდზე ინფორმაცია გამოაქვეყნა:

„ბრიტანული კვლევა, კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტების დექსამეტაზონით მკურნალობა, სამეცნიერო გარღვევაა.

ეს პირველი პრეპარატია, რომელმაც სიკვდილიანობის შემცირება გვაჩვენა COVID-19-ით დაავადებულ იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც ჟანგბადის მიწოდება ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ. ვულოცავ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტს და ბრიტანელ ექიმებსა და პაციენტებს, რომლებმაც ამ სამეცნიერო გარღვევაში წვლილი შეიტანეს“.

15 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის პირველი შედეგების თანახმად, დექსამეტაზონმა ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებს შორის სიკვდილიანობა 1/3-ით შეამცირა, ჟანგბადდამოკიდებულებში კი ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს.

დექსამეტაზონი სტეროიდული პრეპარატია, რომელსც 1960-იანი წლებიდან ანთებითი პროცესების ჩასახშობადა და კიბოს რამდენიმე სახეობის მკურნალობისთვის იყენებენ.

ბრიტანელი მეცნიერები დარწმუნებულები არიან, აღმოაჩინეს წამალი, რომელიც კორონავირუსის მკურნალობაში გარღვევას მოახდენს. ამის შესახებ BBC წერს.

ექსპერტების აზრით, პრეპარატი „დექსამეტაზონი“, იაფფასიანი წამალი COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების შანსებს დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაშიც სერიოზულად ზრდის.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში 6 ათასი პაციენტი მონაწილეობდა. მათგან 2 ათასი „დექსამეტაზონით“ მკურნალობდა. შედეგები იმ 4 ათასისას შეადარეს, რომლებიც პრეპარატს არ იღებდნენ. აღმოჩნდა, –  „დექსამეტაზონმა“ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებში ლეტალური დასასრულის რისკი 1/3-ით შეამცირა. იმ შემთხვევაში კი, როცა პაციენტი ჟანგბადს იღებდა, რისკი 1/5-ით შემცირდა. დაავადების მსუბუქი და საშუალო შემთხვევებისას „დექსამეტაზონის“ ეფექტიანობა გაცილებით დაბალია.

პრეპარატით მკურნალობა 10 დღე გრძელდება, დღეში პაციენტს 5 გირვანქა სტერლინგის ღირებულების წამლის მიღება უწევს. „დექსამეტაზონის“ ეფექტიანობის დამტკიცების შემთხვევაში, ძალიან სასარგებლო იქნება ღარიბი ქვეყნებისთვის.

.

კომენტარები