რომან გოცირიძე: „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შედეგები ეს არის „ქართული ოცნების“ დასასრულის დიაგნოზი“

-„ეს არის „ქართული ოცნების“ დასასრულის დიაგნოზი. ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას იმ წარუმატებელი და უსამართლო ქმედებებისათვის, რასაც ეს პარტია და ხელისუფლება  შვიდი წლის განმავლობაში ჩადიოდა. ყველა მაჩვენებელი გაუარესდა, რისი გაუარებასაც შეიძლებოდა. უკიდურესად დაბალი არის ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, ქვეყანა მიდის არასწორი გზით, ამას ამბობს ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი. დემოკრატიის ხარისხი გაუარესებულია. „ქართული ოცნების“ რეიტინგი მიექანება ფსკერისკენ. ოპოზიციის ჯამური რეიტინგი მნიშვნელოვნად აღემატება „ქართული ოცნების“ რეიტინგს. დღეს რომ არჩევნები იყოს, ფაქტობრივად, ოპოზიცია იმარჯვებს და „ქართული ოცნება“ მიდის პოლიტიკურ მოუსავლეთში.  რაც შეეხება პერსონალურ რეიტინგებს, ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე არასასურველი და ნეგატიური პოლიტიკური ფიგურა დღეს საქართველოში“ ,- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით,

ამოკითხულთა 32 პროცენტის აზრით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ყველაზე მეტ ხმას „ქართული ოცნება“ მიიღებდა.

კითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, თქვენი აზრით ვინ მიიღებდა ყველაზე მეტ ხმას“, პასუხები შემდეგნაირია:

„ქართული ოცნება“  – 32 პროცენტი, „არ ვიცი“ – 14 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 14 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 12 პროცენტი, „არცერთი“  – 11 პროცენტი, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ – 6 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – 2 პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ – 2 პროცენტი, „გირჩი“ – 1 პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 1 პროცენტი, „სხვა“ – 1 პროცენტი.

კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბრისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასეთია: „არცერთი პარტია“ – 20 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 19 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ)“ – 13 პროცენტი, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – შვიდი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – ექვსი პროცენტი,  „პატრიოტთა ალიანსი“ – ხუთი პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო“ – ოთხი პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ – სამი პროცენტი, „გირჩი“ – ორი პროცენტი, თავისუფალი საქართველო – ერთი პროცენტი, სხვა – ერთი პროცენტი.

კომენტარები