რომან გოცირიძე – შექმნილ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარტია მაშინ არის ძლიერი, როდესაც ის შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს.

„პარტია მაშინ არის ძლიერი, როდესაც ის არის ძლიერი და როდესაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იღებს ადეკვატურ, კარგ გადაწყვეტილებებს. პარტია უნდა იყოს როგორც პარლამენტს შიგნით, ისე მის გარეთ, ასევე უნდა იყოს ძლიერი საერთაშორისო სარბიელზე. ყველა ეს კომპონენტი ავსებს ერთმანეთს და უნდა იყოს ოპოზიციის გამარჯვების საწინდარი. დღეს, ამ შექმნილ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს პარლამენტში“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აკრიტიკებდა სხვებს, ვინც პარლამენტში შევიდა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ამის გამო, სალომე სამადაშვილს პარტიის დატოვებაც მოუხდა“, – გოცირიძის თქმით, დღეს არ არის იმის გარჩევის დრო, ვინ ადრე შევიდა საკანონმდებლო ორგანოში და ვინ – გვიან.

„არც ისეთი პოზიციაა სწორი, რომ რადგან სხვები შევიდნენ, ჩვენც იძულებულნი ვართ, შევყვეთ, ცუდები შევიდნენ და ჩვენ კარგებს სხვა გამოსავალი არ გვაქვს – ეს არის არასწორი მიდგომა. დღეს მთავარია ოპოზიციის კოორდინაცია, თუ გვინდა, რომ შედეგს მივაღწიოთ, ამ შემთხვევაში ოპოზიცია უნდა იყოს შეთანხმებული. ოპოზიციური ერთიანობა მგონია, რომ კლიშეა და ცოტა გაზვიადებული თემაა. ოპოზიცია მომავალი კოალიციური ხელისუფლების ნაწილია, ხოლო კოალიციის მთავარი ფუნდამენტი არის სტაბილურობა. ჩვენ მომავალში სტაბილურ კოალიციაზე უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს, რომელზეც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, შევა თუ არა პარტია პარლამენტში.

 

წყარო: “1tv.ge”.

კომენტარები