რომელი ხატები უნდა გვქონდეს აუცილებლად?

რომელი ხატები უნდა გვქონდეს აუცილებლად?
პირველ რიგში, უნდა ვიქონიოთ ყოვლადწმინდა სამების, მაცხოვრის და ღმრთისმშობლის ხატები. აგრეთვე, ქართველთა განმანათლებლების, – წმინდა ნინოსი, ქართველი ერის დიდი მეოხისა და მფარველის, წმიდა გიორგისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველის, წმიდა ნიკოლოზის ხატები.

სასურველია გვქონდეს ოჯახის წევრთა მოსახელე წმინდანების, წმ. იოანე ნათლისმცემლის, ანგელოზთა დასის, მფარველი ანგელოზის, საუფლო დღესასწაულთა აღმნიშვნელი ხატები. აგრეთვე იმ წმინდანთა ხატები, რომელთა მიმართაც განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს განვიცდით.

ესა თუ ის ხატი შემწეა ამა თუ იმ ხორციელი თუ სულიერი უძლურებისას.  ხატების შერჩევის დროს უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტორიც. კარგია, თუ გვექნება, წმინდა პანტელეიმონის ხატი,  ყოველთა მკურნალისა, წმინდა გური, სამონ და აბიბოს და წმიდა ნატალიასა და ადრიანესი, როგორც ოჯახის სიმტკიცის მფარველთა, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი „შეუსმელი ბარძიმი“, რომელიც ლოთობის ვნების საწინააღმდეგოა, ან „პანტანასა“, როგორც სიმსივნიანთა მკურნალისა. გონება გაუხსნელ ბავშვთათვის – წმ. იოანე კრონშტანდტელის, ან წმ. სერგი რადონეჟელისა, მატერიალური გაჭირვების ჟამს – „ბარაქის“ ხატი, სხვადასხვა ოჯახური პრობლემებისას – წმინდა მატრონასი და წმიდან ქსენია პეტერბურგელისა და ა.შ.

მხოლოდ ხატის შეძენა არ არის საკმარისი ჩვენი სულიერი თუ ხორციელი პრობლემების მოსაგვარებლად. აუცილებელია, ჩვენი ღრმა რწმენა და გულმხურვალე ლოცვა. სასურველია, წავიკითხოთ ამ ხატებისთვის შექმნილი სპეციალური ლოცვები და „დაუჯდომლები“, ხშირად ვეზიაროთ წმიდა საიდუმლოებებს, ვიცხოთ ზეთი. წარუმატებლობის შემთხვევაში მიზეზი ყოველთვის საკუთარ თავში მოვიძიოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეწევა უფალი.

კომენტარები