„რომ არ ვიცოდე როგორ მიზანმიმართულ ბოროტებასთან გვაქვს საქმე, ვიფიქრებდი, რომ ზოგიერთები დროსა და სივრცეში არიან არეულები“ – ბექა მჭედლიშვილი ჯარისკაცების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას ეხმაურება

-„რომ არ ვიცოდე როგორ მიზანმიმართულ ბოროტებასთან გვაქვს საქმე, ვიფიქრებდი, რომ ზოგიერთები დროსა და სივრცეში არიან არეულები, რადგან `ავიწყდებათ” რომელი და როგორი წელი გვაქვს, რა პირობებში გვიწევს ვირუსთან ერთად თანაცხოვრება, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში აქტიურად და მასიურად, თითქმის ყველა სფეროში შემოვიდა დისტანციურად მუშაობის პრინციპი. მათ შორის ჯარშიც. ამის ფონზე ეს “ნაღები საზოგადოება” იაფფასიან შეთქმულების თეორიებს თხზავს და ავრცელებს. თითქოს იმის იმან იქ იმის იმას ამაზე ეს ასე გაუკეთა…
რომ არც დაესიზმრებოდათ ისეთი საკბილო მიეცათ აბსოლუტურად ჩვეულებრივი და ბანალური დამთხვევით, რომ ბანკის დაყაჩაღებისას იქ მოქმედი სამხედროც აღმოჩნდა, რომელმაც თურმე როგორ გაბედა და დისტანციურ რეჟიმზე მუშაობისას ბაზაზე არ იყო და ზუგდიდელი კაცი, ზუგდიდში ბანკში შევიდა თავისი კუთვნილი ხელფასის ასაღებად.
მირჩევნია მჯეროდეს, რომ უჭკუობით მოსდით (არც უმაგისობაა), მაგრამ ცხადია, რომ ეს ჯარის და თითოეული სამხედროს წინააღმდეგ მიმართული აშკარა, ბინძური კამპანიის ნაწილი და მავნებლობაა, რომელიც რას და ვის ინტერესებს ემსახურება მარტივი გამოსაცნობია მისი “მთავარი” აქტორებით – ჟურნალისტიკის სირცხვილის – ელისო კილაძით და მისი “გამზიარებლებით”, – წერს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბექა მჭედლიშვილი ჯარისკაცების წინააღმდეგ მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანიის შესახებ.
კომენტარები