„რომ ვუთხარი, მაჩვენე ვის ელაპარაკები მეთქი, წაშლილი მაქვსო,“- აღაიანში მოკლული ჩვილის მამის პირველი კომენტარი

აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა, ტრაგედიის ღამეს, პირველად ტელეიმედის, „ქრონიკის“ ეთერში იხსენებს. ის ამბობს, რომ მეუღლე ეჭვიანობის მიზეზს აძლევდა, თუმცა ვერ ხსნის, რატომ ჩაიდინა არასრულწლოვანმა დედამ შემზარავი დანაშაული.

მიხეილ დვალიშვილის თქმით, სახლის აივანზე ეძინა, როცა დაახლოებით ღამის 12-ის ნახევრისთვის, მეუღლემ მას ოთახში შესვლა და დაძინება სთხოვა. დაახლოებით დილის 6-ის ნახევარზე კი, შვილი გარდაცვლილი ნახა, ხოლო მეუღლე სახლში აღარ იყო.

როგორც დვალიშვილი იხსენებს, მისი არასრულწლოვანი ცოლი მუდმივად მესიჯობდა, SMS შეტყობინებების შინაარსს კი უმალავდა, რაც მათ შორის გაუგებრობის მიზეზი იყო.

„ის ადამიანი, ვისთანაც გაიქცა, არ ვიცი ვინ არის, რა ქვია, ან რა გვარია, მაგრამ ეჭვი მქონდა, რომ რაღაც ხდებოდა, მინდოდა გამერკვია, რა ხდებოდა ჩემს თავს, ჩემ ოჯახში! მას ჰქონდა დაგეგმილი წასვლა. არანაირი პრობლემა, არანაირი შეწინააღმდეება, არაფერი არ ყოფილა. სულ ტელეფონში იყო, რომ ვეკითხეოდი, რას აკეთებ მეთქი, ან დაქალს ვწერ, ან დეიდაშვილს, ან მამიდაშვილსო, მპასუხობდა. ბოლოს აქ ვიყავი, შემოვიდა ოთახში ლაპარაკობდა, რომ ვუთხარი, მაჩვენე ვის ელაპარაკები მეთქი, წაშლილი მაქვსო,“- იხსენებს მოკლული ბავშვის მამა.

არასრულწლოვანს ბრალი გუშინ წაუყენეს. მის ინტერესებს სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს.

21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. მამა ამბობს, რომ ამ დროს ბავშვის დედა სახლში უკვე აღარ იყო. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, ის თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

 

კომენტარები