„როცა ეშმაკი იგრძნობს, რომ მოახლოებულია მისი დასასრული, ის გააძლიერებს ბრძოლას. განსაკუთრებით ებრძვის ახალგაზრდობას“-ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის წმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულის ქადაგება:

– „სიხარული გამოვლინდება სიყვარულიდან. თუ სიყვარული არ გააჩნია ადამიანს, სიხარული არ ექნება.“

„ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ხარებობას. ეს სიხარულის და სიყვარულის დღესასწაულია.

მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, ძველი ქრისტიანები, მართლმადიდებლები ამბობდნენ, რომ ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს ხარების დღეს, დღესასწაულობს მთელი სამყარო.

დღეს თითქოს ცა და ქვეყანა შეუერთდა ერთმანეთს და ღმერთი ლოცავს მიწიერ და ზეციურ სამყაროს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, სიხარული გამოვლინდება სიყვარულიდან. ადამიანს თუ სიყვარული არ გააჩნია, სიხარული არ ექნება.

ჩვენ ურთულეს დროს ვცხოვრობთ, იმ დროს, როცა ბოროტი და კეთილი დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან. ჩვენ ვგრძნობთ, რამდენად მძიმეა ეს ბრძოლა.

წმინდა მამები ამბობენ: როცა ეშმაკი იგრძნობს, რომ მოახლოებულია მისი დასასრული, ის გააძლიერებს ბრძოლას. განსაკუთრებით ებრძვის ახალგაზრდობას.

ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისთვის, გაჭირვებული ხალხისათვის. ეს ერთ-ერთი სახეობაა ბრძოლისა. ჩვენ გაგვიადვილდება ბრძოლა ბოროტთან, თუ ვიზრუნებთ გაჭირვებულ ხალხზე. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა დაგლოცოთ!

სულიწმინდა მოვიდეს თქვენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეთ თქვენ! დალოცვილი და გახარებული იყავით. ღმერთმა ბენდიერი და სასიხარულო აღდგომა გაგვითენოს! ჩვენთან არს ღმერთი!“

კომენტარები