რურუას საქმე – „მეგონა, 5 წელს მიუსჯიდა მოსამართლე, აღმოჩნდა რომ“- ადვოკატი

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

-„ბრალდების მხარეს არცერთი მტკიცებულება არ ჰქონდა, შესაბამისად, ტერმინები – პროკურორი, სამართალი, მოსამართლე და კანონიერება, არარელევანტურია.

ბუნებრივია, გასაჩივრებას ვაპირებთ, არა იმიტომ, რომ სააპელაციო სასამართლოს იმედი გვაქვს და გვგონია, იქ დაგვხვდება პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მოსამართლეები, არამედ იმიტომმ რომ ჩვენი, ანუ დაცვის მხარის ვალდებულებაა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა. გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის, რა პრინციპებისა და რა ღირსების მოსამართლეები დაგხვდებიან სააპელაციო ან უზენაეს სასამართლოებში. მოსალოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ალბათ ნახეთ,  თავად გიორგი რურუაც ღიმილით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდით. სიმართლე გითხრათ, მეგონა 5 წელს მიუსჯიდა მოსამართლე, აღმოჩნდა, – 4 წელი მიუსაჯა, ამ ნაწილში იყო მოულოდნელი. საქმეში, არც ერთ მუხლთან დაკავშირებით, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობდა, რომელიც მის დამშანავეობას დაადასტურებდა და პირიქით, უამრავი მტკიცებულება არსებობდა საქმეში, რომელიც ადასტურებდა პოლიციელების და პროკურორების დანაშაულებს, რა კანონიერებაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

“მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

გიორგი რურუას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა 29 ივლის  წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც, აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური დევნის მაგალითია, მისი საქმე საბჭოთა პროპაგანდის გაგებით გააყალბეს. ამასთან, რურუამ განაცხადა, რომ სასამართლოს წინასწარ გამოტანილი ვერდიქტის დამტკიცება ევალებოდა.

გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

კომენტარები