„რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ. თუმცა, მიმაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, ის შედეგის მომტანი ვერ იქნება“ – სალომე ზურაბიშვილი

-„რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ. თუმცა, მიმაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, ის შედეგის მომტანი ვერ იქნება.

მე პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ ქვეყნების რეალობაში ორი გზა არსებობს. ერთია ომი, მეორე –  დიალოგი. მე სხვა გზა არ ვიცი. ვინმემ თუ იცის მესამე გზა, ძალიან მაინტერესებს. ამიტომ მე ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები დიალოგის მომხრე. დიალოგი დიალოგისთვის არასდროს ყოფილა გამოსავალი. მე მაქვს ერთი-ერთზე დიალოგის გამოცდილება. სხვათა შორის, ჩვენს ისტორიაში ერთადერთი შეთანხმება, რომელსაც რუსეთი გაყვა და არ დაარღვია მისი პირობები, იყო პირდაპირი დიალოგის შედეგი.

კორონავირუსის კრიზისის დროს სოლიდარობის ნიშნად, კონფლიქტის შესუსტების ნაცვლად, რუსეთმა ე.წ. ბორდერიზაცია განაახლა, რაც პირდაპირი დიალოგის დასაწყებად ცუდი საფუძველია. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამისთვის სიტუაცია ალტერნატიულ ფორმატებში უნდა მომზადდეს.

არ მითქვამს, რომ შესაძლებელია მივაღწიოთ რამე შეთანხმებას, ვთქვი, ზოგადად, რომ პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ, მაგრამ შემდეგ მოდის ჩვენი დღევანდელი სიტუაცია და პირობები. გაეროს გენმდივანმა განაცხადა,  რომ ყველგან, სადაც კონფლიქტებია და დაძაბულობა, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სიტუაცია უნდა დამშვიდდეს და რაღაც საკითხები გადაწყდეს. ამ დროს ჩვენი შეთავაზებები, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებული რეგიონებში, არ იყო მიღებული, პირიქით – ამან გამოიწვია მეტი დაძაბულობა. ეს ყველაფერი არ ქმნის დღეს პირდაპირი დიალოგის საშუალებას. სხვადასხვა ფორმატი არსებობს. ალბათ, დღეს სიტუაცია ჯერ სხვა ფორმატებში უნდა მომზადდეს, სადაც ჩვენი პარტნიორები არიან“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები