რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო

რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მიტინგებისა და დემონსტრაციების გამართვის აკრძალვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, კომენდანტის საათიც დაწესდება, რომელიც 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს.

ყაზახეთის მთავრობამ 4 იანვარს თხევადი ბუნებრივი აირის ფასი მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, –  ხელისუფლება სამართალდამრღვევების წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედებს. მან საპროტესტო აქციების მონაწილეებს შეთქმულების მონაწილეები უწოდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, -კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს.

კომენტარები