რუსეთში, გამოცდის დროს, გულის მანკით დაავადებული გოგონა გარდაიცვალა
რუსეთში, ჩუვაშეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ ჩებოქსარის საშუალო სკოლაში, მათემატიკაში ერთიანი სახელმწიფო გამოცდების დროს, მოსწავლე გოგონა გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონას, ჯერ კიდევ გამოცდის დაწყებამდე ეტყობოდა გარეგნულად, რომ შეუძლოდ იყო. ამიტომ ორგანიზატორებმა და სკოლის ექიმებმა, მოსწავლესა და მის მშობლებს დაჟინებით ურჩიეს, სხვა დროისთვის გადაეტანათ გამოცდის ჩაბარება, მაგრამ უკვე სრულწლოვანმა მოსწავლემ, მათ წინადადებაზე უარი თქვა.
როგორც ირკვევა, გულის მანკით დაავადებული გოგონა ერთი საათის განმავლობაში წერდა სამუშაოს, შემდეგ, გარეთ გასვლის უფლება ითხოვა. დერეფანში გასული კი, ცუდად გახდა.
სამინისტროს ცნობით, გოგონას სასწრაფოდ აღმოუჩინეს დახმარება, ჩაუტარდა სარეანიმაციო პროცედურები, მაგრამ მისი სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ჩუვაშეთის საგამოძიებო კომიტეტში, მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.