რუსეთში პირველი კვანტური ტელეფონი წარადგინეს
რუსმა ინჟინრებმა და მეცნიერებმა ერთობლივი ძალებით შექმნეს და წარმოადგინეს პირველი კვანტური ტელეფონის პროტოტიპი, რომელიც მომხმარებელთა სრულ კონფიდენციალობას უზრუნველყოფს. ინფორმაციას რუსული ინტერნეტ-მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომავალში ტელეფონის სისტემაში კვანტური კომპიუტერიც კი ვერ შეაღწევს.
ტელეფონს VipNet QSS Phone (QSS — quantum security system) უწოდეს, რაც თარგმანში „უსაფრთხოების კვანტურ სისტემას“ ნიშნავს და მას ხმოვანი ტრაფიკისა და ტექსტური შეტყობინებების დაშიფვრა შეუძლია.
გარეგნულად აპარატი ჩვეულებრივ ყურმილიან ტელეფონს ჰგავს, ოღონდ კომუტატორიანი სერვერით. სწორედ მისი წყალობით მოიცავს უსაფრთხოების სისტემა 800 აბონენტს.
აღსანიშნავია, რომ ტელეფონი არ იმუშავებს ოპტიკური ხაზების გარეშე.
სისტემა აბონენტებს შორის ქსელური ტრაფიკის სიმეტრიულ დაშიფრვას ეფუძნება. ამისათვის გასაღებთა კვანტური განაწილების პროტოკოლი გამოიყენება. კვანტური ფიზიკის პრინციპის თანახმად, ფოტონის გაზომვა შეუძლებელია, თუ მისი მდგომარეობა არ შეიცვალა. პროტოკოლი მყისიერად აფიქსირებს ცვლილებას და ამგვარ ფოტონებს გასაღების შესაქმნელად აღარ გამოიყენებს.
ტელეფონის გამომგონებლები ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე მოწყობილობით სარგებლობა მხოლოდ ქალაქის ფარგლებში იქნება შესაძლებელი, შორ მანძილზე დარეკვა ვერ მოხერხდება, ვინაიდან კვანტური გასაღების განაწილების მანძილი მოკლე, 25 კმ გამოვიდა. თუმცა, როგორც ИнфоТеКС-ში ამბობენ, პრობლემაზე უკვე მუშაობენ.
რაც შეეხება ფასს, ტელეფონი, რომელიც კომუტატორიან სერვერს, ხუთ ტელეფონსა და კვანტური გასაღებების მოწყობილობას მოიცავს და მომხმარებელთა მცირე ჯგუფზეა გათვლილი, 30 მლნ რუბლი (დაახლოებით 465 ათასი აშშ დოლარი) ეღირება, ხოლო 100 მომხმარებელზე გათვლილი კვანტური სისტემის ფასი უკვე 100 მლნ რუბლი (დაახლოებით 1 550 000 აშშ დოლარი) იქნება.
წყარო: sputnik-georgia.com