რუსთაველის თეატრი მოსკოვში გასტროლებს გამართავს

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, სახელოვანი რეჟისორის, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, 8 და 9 ივნისს „მოსსოვეტის“ სახელობის მოსკოვის თეატრის სცენაზე წარდგება.

რუსი მაყურებელი, ქართული დასის შესრულებით, ერლომ ახვლედიანის მოთხრობების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „ვანო და ნიკოს“ იხილავს.

სპექტაკლის ჩვენება ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება, რომელიც 14 მაისს დაიწყო და 21 ივნისს დასრულდება.

სპექტაკლის რეჟისორი რობერტ სტურუაა. სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება ქართულ ენაზე, რუსული სუბტიტრებით.

ერლომ ახვლედიანის მოთხრობების მიხედვით, პიესა რობერტ სტურუამ თავად დაწერა.

„უცნაური, მეტაფორული არაკების კრებულმა ყოველგვარი „იგავური მორალის“ გარეშე რეჟისორი შთააგონა, გადააფასოს ვანოს და ნიკოს ისტორია – ახალგაზრდა მამაკაცების, რომლებსაც მობეზრდათ იყვნენ ერთი – კეთილი და მეორე – ბოროტი. მათ ადგილების შეცვლა გადაწყვიტეს და ვანო ბოროტი გახდა, ხოლო ნიკო – კეთილი“, – ნათქვამია მოსკოვის თეატრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანონსში.

რუსთაველის თეატრის წარმოდგენის ბილეთები თეატრის სალაროებში და ონლაინ რეჟიმში იყიდება. სპექტაკლში „ვანო და ნიკო“ ჟღერს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის და თანამედროვე ავტორის, ნიკა მაჩაიძის მუსიკა.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: სანდრო მიკუჩაძე, დავით დარჩია, მიხეილ არჩვაძე და ნინო არსენიშვილი.

კომენტარები