რუსი დეპუტატები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას ითხოვენ

რუსი დეპუტატები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას ითხოვენ. ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.
„რუსეთის დუმის საბჭოს სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება და მას ყველამ დაუჭირა მხარი, რომ ქართველი ჟურნალისტი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ის რუსეთს უნდა გადმოსცენ, რათა ჩვენმა სასამართლომ კანონმდებლობის შესაბამისად მას სასჯელი გამოუტანოს. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმაზე მსჯელობა, სად მოიხდის ის სასჯელს – რუსეთში თუ საქართველოში“, – განაცხადა ვოლოდინმა.
რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს. ეს ინიციატივა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებს მოჰყვა, რასაც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი და საგარეო უწყება გამოეხმაურნენ.
ამ მოვლენებს წინ უძღოდა 20 ივნისის ინციდენტი, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.
8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა.

კომენტარები