რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა – „განცდა ძალიან დიდი მაქვს და სინანული, რომ ის ადამიანები, რომლებიც გვენდობოდნენ, ჩვენთან ერთად დაზარალდნენ“

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

-„ყველაზე დიდი შეგრძნებაა თავისუფლება. განცდა ძალიან დიდი მაქვს და სინანული, რომ ის ადამიანები, რომლებიც გვენდობოდნენ, ჩვენთან ერთად დაზარალდნენ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა პრობლემის მოგვარება. მაია ხუთი წელია საპატიმროშია, მე ოთხი წელი ვიყავი. პრობლემა უნდა დასრულდეს. ახლა იმედი მოგვეცა, მშენებლობა ერთ თვეში მერიასთან ერთად იწყება, სანამდე ვართ მე და მაია, ჩვენი ამოცანა ერთია, – ყველა ადამიანი შევიდეს თავის ბინაში და მიიღოს თავისი უძრავი ქონება. მარტო ამის შემდეგ ვიქნებით თავისუფლები.

ვთანამშრომლობთ თბილისის მერიასთან, პროკურატურასთან,ვ ელოდები საპროცესო გარიგებას.„ყველა ქონება გადაეცა ინვესტორებს, შესაბამისად, გადაეცემათ ფული კომპანიიდან. მერიის დახმარებით, ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად, 8 სხვადასხვა კომპანია დაასრულებს მშენებლობებს. მაია რჩეულიშვილი არის ის ადამიანი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ეს პროცესი დასრულდეს. საპატიმროში მისი ხუთწლიანი ყოფნა იყო მხოლოდ მუშაობა ამ საკითხებზე. მისი სათქმელია, – რაც შეიძლება ჩქარა მისცენ საშუალება, რომ ჩაერთოს საქმეში და დაასრულოს ეს პროცესი“, – განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88-ის“ ეპიზოდზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წელს მიესაჯა.

მაია რჩეულიშვილს, შეფარდებული 7-წლიანი სასჯელიდან მას უკვე 4 წელზე მეტი მოხდილი აქვს . კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ამნისტიის აქტი შეეხო, მაგრამ საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება.

მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედება ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს.

კომენტარები