სააკაშვილი – განხეთქილების ვაშლი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში:

ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი შესაძლოა, განხეთქილების ის ვაშლი აღმოჩნდეს, რომელიც, ღმერთმა ნუ ქნას და, ამ ეკლესიას რამდენიმე ნაწილად დაყოფს.

მოვლენები ამგვარად ვითარდება:

7 ოქტომბერს შეიქმნა ონლაინპეტიცია – გათავისუფლდეს პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი – #თავისუფლებამიშას

პეტიციაზე ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჩადენილი დანაშაულების გამო არ უნდა დაისაჯოს, საპატიმროდან უნდა გათავისუფლდეს მიეცეს საშუალება, „ნორმალურად ჩაერთოს სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში.“  პეტიციას სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მომხრე მოქალაქეები აწერენ ხელს, მაგრამ ამ კამპანიას რა ხანია, საულიერო იერარქიის წარმომადგენლები, მათ შორის, მიტროპოლიტებიც შეუერთდნენ…

 ეკლესია და მიტროპოლიტები უპირველესად, „დიდი სჯულისკანონით“ უნდა ხელმძღვანელობდნენ, რომელიც საეკლესიო სამართლის უმთავრესი საფუძველია და ნებისმიერი მოვლენის მიმართ დამოკიდებულება  ამ მოცემულობით უნდა ისაზღვრებოდეს, მაგრამ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, უმაღლეს სასულიერო იერარქიაშიც კი გამოჩნდნენ პირები, რომლებიც სჯულის უმთავრეს დოგმას სხვაგვარ ინტერპრეტაციას უძებნიან! საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ შემაშფოთებელი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, წმიდა სინოდის ერთ-ერთი წევრის დაფინანსებით ორი საერო პირი სტამბულში კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს პირველთან შესახვედრად მიემგზავრება, რათა მას განუცხადონ, რომ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ახლადშექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას. ამასთან, ისინი მსოფლიო პატრიარქს სთხოვენ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის მხარდასაჭერი განცხადების საჯაროდ დაფიქსირებას!

რით ასაბუთებენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან მისი პატიმრობაში დატოვების ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებს მღვდელმსახურები და სად არის სიმართლე – დაე, მკითხველმა თავად გადაწყვიტოს:

მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი:

– „მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლით დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.“

„… მე ვფიქრობ, უნდა მოინახოს რაღაც საშუალება ამ ბრალდებებზე. ბრალდება ყოველთვის შეიძლება ადამიანს წაეყენოს, უცოდველი ადამიანი არ არსებობს და უნდა მონახოს ქვეყნის პირველმა პირმა საშუალება, რომ წინა პირველი პირი ციხეში არ ჩასვას”,განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე მელქისედექი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი:    

– „აუცილებელია საყოველთაო შერიგება მთელი ერისა. ერთმანეთთან დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. მიმაჩნია, რომ ჩვენ სასულიერო პირებს, ეკლესიას, შუამავლობის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს და როგორმე გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რომელიც ბოლო ათეული წლებია სულ დაპირისპირებაშია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას შერიგებისკენ, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია”.

„…მე მის გათავისუფლებას მოვაწერე ხელი და გავაჟღერე იდეა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგებისა მთელი ერისა. ერთმანეთთან დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. მიმაჩნია, რომ ჩვენ სასულიერო პირებს, ეკლესიას, შუამავლობის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს და როგორმე გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რომელიც ბოლო ათეული წლებია სულ დაპირისპირებაშია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას შერიგებისკენ, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია”. – თქვა მეუფე მელქისედეკმა.

მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი:

– “…საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს! ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ დასავლეთი შეთქმულებას აწყობს საქართველოს წინააღმდეგ და ჩრდილოელმა მეზობელმა უნდა “გვიხსნას” ამ შეთქმულებისგან?! მოცემულ ვითარებაში შეცდომები ძალზე მძიმე შედეგს მოიტანს და ჩვენ ვერ მოვახერხებთ ვერც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას და ვერც მის გამთლიანებასა და გაერთიანებას…

“… ვფიქრობთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა და ეს, უწინარეს ყოვლისა, სჭირდება არა მას, მიხეილ სააკაშვილს, არამედ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების სამომავლო ინტერესებს. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი შედეგების გარეშე დაძლეულ იქნას ის სახიფათო ზონა, რომელშიც დღეს იმყოფება ჩვენი სამშობლო და წარსულის მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით გავაგრძელებთ წინსვლას შეუქცევადად”, –  წერს მიტროპოლიტი.

მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი:

სააკაშვილისთვის დანაშაულების პატიების მოთხოვნას უერთდება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე). ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა პეტიციაზე ხელის მოწერა, ის პასუხობს:

– “ტაძართან ვართ. ქრისტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას”.

დეკანოზი თამაზ ლომიძე:

– “… მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავარი მტერი და დამაქცევარი, რუსეთი ხარობს მისი დაკავებით, ადასტურებს, რომ არ უნდა იჯდეს საქართველოს პრეზიდენტი ქართველების ხელით ციხეში. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ყოფილი პრეზიდენტების დევნა და მკვლელობა. ეს ვნებს და ანადგურებს ქვეყნის წინსვლას და მომავალს. გაიხსენეთ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ის პროპაგანდისტული ტყუილების ზღვა, რითაც იგი შეაძულეს ხალხს, შედეგად განდევნეს და მოკლეს. ამ პროპაგანდისტული ტყუილების და ჭორების გავრცელებაში დიდოსტატია ჩვენი მტერი და კიდევ ერთხელ ნუ გააბრიყვებინებთ თავს”, – ამბობს დეკანოზი.

მეუფე იოსები (კიკვაძე), შემოქმედელი მიტროპოლიტი: 

– „არ მინდა კიდევ ერთ ცოდვაში ჩავარდეს ჩვენი ერი და ტრადიციად ვაქციოთ პრეზიდენტების დასჯა, რასაც გაუკეთებ სხვას, იგივე ან უფრო უარესი შეიძლება მოგივიდეს შენ. მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც ვაპირებ ჩავერიო პოლიტიკურ საქმიანობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე საქართველოს ეხება, 40% და შეიძლება მეტიც ითხოვს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას.“

მეუფე იოსებმა ქრისტეს იმ სიტყვების პერიფრაზირება მოახდინა, რითაც მაცხოვარმა მეძავი დედაკაცი ჩაქოლვისგან დაიცვა:

– “მართალია, უშეცდომო არავინაა და ვინც უშეცდომოა, იმან ესროლოს პირველი ქვა მიხეილ სააკაშვილს. აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსახლეობის 50%–ის მოთხოვნა”

დეკანოზი დავით ისაკაძე: – „თუ ქვა უდანაშაულომ უნდა ისროლოს, მაშ, გავაუქმოთ, რაღა საჭიროა კანონი ან სასამართლო? ანდა, თავად ეპისკოპოსი იოსები კონკრეტული ცოდვის გამო საეკლესიო კანონს რა უფლებით ადებს ერის ადამიანს, ნუთუ, თავად უშეცდომოა? მიტევებას მაშინ აქვს აზრი, როცა ცდომილი თავის შეცდომას და დანაშაულს ნანობს და აღიარებს. შეიძლება, კეთილშობილმა ადამიანმა სინანულის გარეშეც მიუტევოს პირადად მის მიმართ დანაშაულის ჩამდენს და ამით ისევ საკუთარ თავს ააცილოს სხვადასხვა ცოდვა, მაგრამ თავად დამნაშავეს სული განუკურნებელი დარჩება. ასეთ შემთხვევაში მიმტევებელი განკურნებაში კი არ ეხმარება, ახალი დანაშაულის ჩადენაში უწყობს ხელს დამნაშავეს, რომელიც დანაშაულის არსში ვერ გარკვეულა. არ შეიძლება საზოგადოება დავყოთ ფენებად და კატეგორიებად, მეფეებად და მოსამსახურეებად, პრეზიდენტებად და ჩვეულებრივ მოქალაქეებად, რადგან ღვთის წინაშე და ასევე კანონის წინაშე – ყველა ადამიანი თანაბარია! თუ სასულიერო პირი ითხოვს ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებას, ის აუცილებლად უნდა ითხოვდეს რიგითი პატიმრის შეწყალებასაც და არ უნდა აპელირებდეს იმაზე, რომ მისი ფავორიტი დიდი თანამდებობის პირი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოთხოვნა იწვევს საზოგადოების სხვა, არაპრივილეგირებული ჯგუფების სამართლიან გაღიზიანებას, ხოლო სასულიერო პირი ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობს ეკლესიის მიმართ უნდობლობას!

მეუფე იოანე (გამრეკელი),  ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი:

– „საქართველოში მისი ჩამოსვლა მოხდა უკანონოდ, საზღვრის კანონის დარღვევით, ანუ, იმ განაჩენს კიდევ დაემატა ახალი დანაშაული და თვით პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს“ – განაცხადა მეუფე იოანე გამრეკელმა. მისთვის გაუგებარია, რატომ აწერენ ხელს სხვა მღვდელმთავრები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას:

– „რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ამას ხელს, ეს მათი საქმეა. იცით, რა,  ეს ძალიან სუბიექტური პოზიციაა, რომ ქვეყნის ინტერესია, რომ კანონი იყოს დაცული. თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის.“

მიტროპოლიტი აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ადამიანებს კლავდნენ, პატიმრებს აწამებდნენ და ბიზნესს არეკეტებდნენ.

– „როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება.

მეუფე შიო (მუჯირი), პატრიარქის მოსაყდრე:

– „ბოროტება უნდა ჩვენ აღვკვეთოთ და შევაჩეროთ, ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც. აი, დღეს რომ არის საუბარი საყოველთაო შერიგებაზე, სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას –  ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია ჩვენ. გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე, ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც უნდა მოვიკვეთოთ ჩვენ ესეთი ადამიანი”, – ამბობს პატრიარქის მოსაყდრე.

 

ასეთი განსხვავებულია სასულიერო პირების პოზიციები. ამასობაში კი, არჩევნების მეორე ტურის მოახლოვებასთან ერთად, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო მატულობს…

 

ზაზა დავითაია 

კომენტარები