“სააკაშვილი პატივს არ სცემს საკუთარ ამომრჩეველს. თვლის, რომ რასაც აჭმევს იმას შეჭამენ.”-ნინო ჯანგირაშვილი:
ნინო ჯანგირაშვილო მიხეილ სააკაშვილის მიმართვას გამოეხმაურა და წერს-
“რას ვფიქრობ სააკაშვილის დღევანდელი მიმართვის შემდეგ:
1. სააკაშვილი პატივს არ სცემს საკუთარ ამომრჩეველს. თვლის, რომ რასაც აჭმევს იმას შეჭამენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ გაუგებარ აჯაფსანდალს არ მოუმზადებდა ამ საარჩევნოდ, რასაც უმზადებს, და იმას მაინც ეტყოდა კონკრეტულად როდის და რა ვითარებაში აპირებს ჩამოსვლას.
2. სავარაუდოდ ის მართალია, რადგან ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის ნაწილის მიჯაჭვულობა ამ პარტიაზე/სააკაშვილზე მართლაც რწმენის საკითხს გავს და სააკაშვილი ნებისმიერი ფორმით, შინაარსით და სოუსით მათთვის მისაღებია.
3. სააკაშვილმა დღეს ფაქტიურად მხოლოდ ამ ნაწილს მიმართა, იმიტომ რომ სხვა ყველა დანარჩენს მისი ბოლოდროინდელი გაუგებარი გადაწყვეტილებები და განცხადებები განიზიდავს ნაციონალური მოძრაობისგან და ამ არჩევნებზე სხვაგან დააწყებინებს არჩევანის ძებნას (რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში ოცნებაში, ამიტომ ე.წ. შუაშისტური თუ ალტერნატიული პარტიების შანსები კიდევ უფრო იზრდება).
4. პოლიტიკური მტაცებლის ალღო და პიარ ინსტინქტი მას აშკარად დაუჩლუნგდა, იმიტომ რომ რა აუდიტორიასაც მიმართა, იმ აუდიტორიისთვის მისი ყალბი ბოდიშები სულაც არ არის საჭირო, მათ ისეთი მოსწონდათ და მოსწონთ, როგორიც იყო და არის, და რის გამოც არ მოსწონს საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს.
5. სააკაშვილი პატივს არ სცემს საკუთარ პარტიას, სადაც ბოლო დროს არაერთი საინტერესო ადამიანი წამოვიდა წინა პლანზე და პარტიაც თითქოს ემსგავსებოდა ნორმალურ, დემოკრატიულ პოლიტიკურ ორგანიზმს, თუმცა სააკაშვილი როგორც ჩანს ამას არ დაუშვებს. “ჩემს გარეშე ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ – მისი უცვლელი ლოზუნგია. შესაბამისად, არჩევნების შემდეგ გარდაუვალია: ან ნაციონალური მოძრაობიდან სააკაშვილის გამიჯვნა, ან პარტიის დაშლა, ანუ პროგრასული ნაწილის წასვლა ამ პარტიიდან.
6. ახლა, რომ არ იფიქროთ, რომ ძალიან მადარდებს სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ბედი: სააკაშვილის პერსონა ძირითადად კონტექსტის გამოა ჩემთვის საინტერესო ბოლო 8 წლის განმავლობაში. სააკაშვილის არაადეკვატური წინასაარჩევნო აქცენტები როგორც წესი, მავნებელია ხოლმე პოლიტიკური პროცესისთვის და ოცნებას აძლიერებს, თუმცა ამჯერად დიდი იმედი მაქვს ასე არ მოხდება, რადგან საფრთხობელას როლშიც სააკაშვილს ყავლი გაუვიდა, ოცნების მმართველობა კი იმდენად ცხადი ჭაობია, რომ არჩევანი ცალსახაა და ოცნება წავა ნებისმიერ შემთხვევაში.
7. აქვს თუ არა სააკაშვილს პრემიერობის შანსი? არავითარი შანსი არ აქვს. ის არ არის თავსებადი მეტნაკლებად დემოკრატიულ გარემოსთან, არ შეუძლია ასეთ გარემოში ოპერირება. მას არ შეუძლია გაყოფილი ძალაუფლება, ამ დროს ის უბრალოდ კომიკურ პერსონაჟად იქცევა. არადა საქართველოს დღევანდელი მოცემულობა და არჩევანი ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე სააკაშვილი ან ივანიშვილი ისურვებდნენ. ვერცერთი პარტია საბედნიეროდ ვერ შეძლებს სრული ძალაუფლების ხელში აღებას. სააკაშვილს ამის აღიარება აშკარად არ შეუძლია და წარსულ დიდებაზე ოცნებით იკვებება. დღევანდელი ამოცანა წინ წასვლაა და არა წარსულში დაბრუნება. სააკაშვილი რომ ღრმა წარსულია, დღევანდელმა მიმართვამაც დაადასტურა.
8. მოკლედ, გავანებოთ იმ კაცს თავი, გაახაროს თავისი ჭია. მივხედოთ ამ ქვეყანას და ვეცადოთ წინ წავიდეთ.