„საამაყოა, გვყავს ღირსეული და პროფესიონალი სამხედროები, რომლებიც მზად არიან, დადგნენ ყველგან, სადაც ქვეყანას…“-ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

უწყების ხელმძღვანელმა კანონმდებლებს უწყებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა:

-„ჩვენთვის საამაყოა, რომ გვყავს ღირსეული და პროფესიონალი სამხედროები, რომლებიც მზად არიან, დადგნენ ყველგან, სადაც ქვეყანას სჭირდება. შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით შედგა, გვაძლევს შესაძლებლობას, პარლამენტის ფართო წარმომადგენლობით განვიხილოთ თავდაცვის უწყების პრიორიტეტები და პასუხი გავცეთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც თქვენ და საზოგადოებას გაინტერესებთ.

შეუძლებელია თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება და კეთილდღეობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე. თავდაცვის ძალები სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა. მისი სიძლიერე და ეფექტურობა მაღალი მზადყოფნის, დაფასებულ და მოტივირებულ ჯარისკაცს ეფუძნება“.

ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აღნიშნული ფორმატი კარგად გამოხატავს დღევანდელი ხელისუფლების დემოკრატიულ პრინციპებს, რომელიც ეფუძნება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტსა და ეფექტურ საპარლამენტო კონტროლს.

კომენტარები