სააპელაციო სასამართლომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება შეაჩერა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მსხვილი კომპანიების თანამშრომლების კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სავალდებულო აცრის შესახებ ბრძანება დროებით დაბლოკა. სასამართლომ საკანონმდებლო ინიციატივაში იურიდიული და კონსტიტუციური პრობლემები აღმოაჩინა და განკარგულება შეაჩერა. ბაიდენის ადმინისტრაციას პასუხის გასაცემად რამდენიმე დღიანი ვადა მისცა.

კანონით, კომპანიები, რომლებსაც 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, ვალდებულები არიან, დასაქმებულებს სრული ვაქცინაცია ან ყოველკვირეული ტესტირება მოსთხოვონ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული რეგულაცია სასამართლოში ტეხასის, ლუიზიანის, მისისიპის, სამხრეთ კაროლინისა და იუტას შტატებმა, ასევე კერძო კომპანიებმა და რელიგიურმა ჯგუფებმა გაასაჩივრეს. ისინი ბაიდენს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

აშშ-ში ბევრმა კომპანიამ თავისი თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უკვე გახადა.

კომენტარები