საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დახურეს ობიექტი, რომელშიც 600-მდე თანამშრომელი მთავრობის შეზღუდვების დარღვევით მუშაობდა, რამდენიმეს მაღალი ტემპერატურაც აღენიშნებოდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

„საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო, ქალაქ თბილისში, მესაკუთრეს დაახურინეს კომერციული ობიექტი, რომელში დასაქმებული 600-მდე თანამშრომელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად, მთავრობის მიერ დადგენილი მკაცრი შეზღუდვების უხეში დარღვევით, განაგრძობდა მუშაობას.

 კომპანიაში დასაქმებულ, ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა.

შესაბამისი უწყებები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შესრულების ნაწილში და მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდენენ მკაცრ რეაგირებას“.

კომენტარები