„სადაა ის სამი ფსევდო მუშკეტერი – კოვიდის დროს, თან ამ სიცივეში, წყლის ჭავლით დარბევა გასროლის“

-„კოვიდის დროს, თან ამ სიცივეში, წყლის ჭავლით დარბევა გასროლის ტოლფასია! სადაა ის სამი ფსევდო მუშკეტერი, სამარცხვინო სამი პერსონაჟი, სრულიად რომ გაფარჩაკდა პანდემიასთან ბრძოლაში და პარტიული აგიტატორობის გარდა ვერაფრით შევიდნენ ისტორიაში? სად ხართ ფარჩაკებო, არაფერი გაქვთ სათქმელი?!!!“ – წერს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ცესკოს შენობასთან, დამატებითი რკინის კონსტრუქციები განათავსეს.

მიმდებარე ტერიტორიაზე დანგრეულია ღობეები, შენობის წინ დიდი რაოდენობით ქვები და წყლის ბოთლები ყრია.

8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნებია: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.

ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.

აქციისას 30-მდე ადამიანი დაშავდა. აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს.

კომენტარები