სად და როგორ შეიტყობენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს? – ნაშრომის ასლი და მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულა

გამოცდების ეროვნული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს:

-„ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყება.
აბიტურიენტები მოგვმართავენ კითხვით – სად და როგორ შეეძლებათ ნახონ გამოცდების შედეგები და საკუთარი ნამუშევრები. პასუხი მარტივია: გამოცდის პირველადი შედეგები და აპალიკანტების პასუხების ფურცელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება. ამიტომ აბიტურიენტები ყურადღებით უნდა იყვნენ და ხშირად ამოწმონ „ნაეკის“ ვებგვერდი. გარდა ამისა, საკუთარი ქულის გაგება აბიტურიენტს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლია. ამისთვის მან მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

„ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდგომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები – აბიტურიენტების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ნედლი ქულა. ყველა აბიტურიენტს ექნება შესაძლებლობა, ნახოს პასუხების ფურცლები, რომლებიც განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. აბიტურიენტი სპეციალური საძიებო სისტემის მეშვეობით – საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით, შეძლებს იხილოს და ამობეჭდოს პასუხების ფურცლის ასლი სასურველ საგანში“.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე  online.naec.ge, შესაბამის ველში  მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ. 
აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო,  მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა ხდება  სხვადასხვა  ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ). 
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას). 
მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 59. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე (ე. ი. 11.8 ქულაზე) მეტი. 
 
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მაქსიმალური ქულაა 70.  საგამოცდო საგნის  ჩასაბარებლად  გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს  ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (ე.ი. 17.5 ქულაზე) მეტი – ვინაიდან ამ საგანში გამოყენებული იყო ტესტის მხოლოდ ერთი ვარიანტი, გათანაბრება არ ხდება.
 
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge.
კომენტარები