“საელჩო წყნარად აგრძელებს მუშაობას” – რუსეთი ქაბულიდან დიპლომატების ევაკუაციას არ აპირებს

რუსეთი ავღანეთიდან დიპლომატების ევაკუაციას არ გეგმავს. ინფორმაცია სამთავრობო მედია RIA-ს ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ზამირ კაბულოვმა, დაუდასტურა.

“საელჩოს ევაკუაცია არ მზადდება. მაქვს კონტაქტი ჩვენს ელჩთან, ისინი წყნარად მუშაობენ და ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას”. – თქვა კაბულოვმა.

კაბულოვის თქმით, თალიბანმა არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სხვა ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსაც მისცა უსაფრთხოების გარანტია.

“ჩვენ ასეთი გარანტიები დიდი ხანია, მივიღეთ. საუბარი არ არის მხოლოდ რუსეთზე. ისინი უსაფრთხოების გარანტიას ყველას აძლევენ”. – თქვა კაბულოვმა.

კვირას, 15 აგვისტოს, თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალური პირის თანახმად, ქალაქში თალიბანის მებრძოლები “ყველა მხრიდან” შედიოდნენ.

The Associated Press-ს ავღანეთის მთავრობის თანამდებობის პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თალიბანის მებრძოლები დედაქალაქ ქაბულის კალაკანის, ქარაბაღის და პაღმანის რაიონებში არიან შესული.

BBC-ის ჟურნალისტი იალდა ჰაკიმი წერს, რომ თალიბანის მებრძოლები ქალაქში ძლიერ წინააღმდეგობას არ აწყდებიან. BBC-ს ინფორმაციით, თალიბანმა თავის მებრძოლებს ქაბულში ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ქალაქიდან უცხოელი დიპლომატების ევაკუაცია გრძელდება.

დღეს თალიბანმა მორიგი პროვინციის დედაქალაქი დაიკავა. პროვინცია ნანგარჰარის დედაქალაქი ჯალალაბადი დაჯგუფებამ უბრძოლველად აიღო. პროვინციის გუბერნატორმა თალიბანს ქალაქზე კონტროლი გადასცა.

გუშინ, 14 აგვისტოს, თალიბანმა დაიკავა ქაბულის მოსაზღვრე პროვინციის, ლოგარის მთავარი ქალაქი პულ-ე-ალამი, რომელიც დედაქალაქიდან 70 კილომეტრში მდებარეობს და ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენს ქაბულამდე მისაღწევად. ჯერჯერობით ქაბული სტრატეგიული მნიშვნელობის მთავარ ქალაქად რჩება, რომელიც დაჯგუფებას ჯერ არ აუღია.

12 აგვისტოს, თალიბებმა ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქი, ჰერათი დაიკავეს, რომელიც ამავე სახელის პროვინციის დედაქალაქია. გასულ კვირას  დაჯგუფებამ ორ დღეში ორი პროვინციის დედაქალაქი აიღო. 6 აგვისტოს თალიბანმა დაიკავა ნიმროზის პროვინციის დედაქალაქი, ზარანჯი, 7 აგვისტოს კი ჯუზჯანის პროვინციის დედაქალაქი – შებერღანი.

6 აგვისტოს თალიბანმა ავღანეთის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დავა ხან მენაპალის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც თალიბანის სამიზნეები ხდებიან მთავრობის წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები, აშშ-ს სამხედროების ავღანელი თარჯიმნები, ავღანელი პილოტები და კომიკოსებიც კი.

6 აგვისტოს თალიბანმა ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე მთავარი გამშვები პუნქტი ჩაკეტა და გამოაცხადეს, რომ არავის გადაუშვებენ მეორე მხარეს მანამ, სანამ ისლამაბადი ავღანელებისთვის ვიზის ვალდებულებებს არ გააუქმებს ან შეამსუბუქებს.

მას შემდეგ რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს, ქვეყანაში გამწვავდა დაძაბულობა თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება.

 

წყარო: “tabula.ge”.

კომენტარები