სავალდებულო რეგულაციები ტურიზმში – ეკონომიკის გახსნის მიმდინარეობა, ამ პროცესში სხვადასხვა მიმართულებით დაწესებული რეკომენდაციები

ტურისტულ ინდუსტრიაში სავალდებულოდ აღსასრულებელ ახალ რეგულაციები, ეკონომიკის გახსნის მიმდინარეობა, ამ პროცესში სხვადასხვა მიმართულებით დაწესებული რეკომენდაციები და მათი აღსრულების მონიტორინგი განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს სასტუმრო სექტორის, კვების ობიექტებისთვის, ღია და დახურული ტიპის აუზებისთვის განსაზღვრულ სპეციფიკურ მოთხოვნებზე, რომლებიც მოიცავს როგორც დეზინფექციის სტანდარტებს, ასევე დისტანციის დაცვას, ტემპერატურულ სკრინინგს, ბარიერების განთავსებას თუ სხვა მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებებს.

სტანდარტები, რომელიც ტურისტულ ინდუსტრიაში მოქმედმა ყველა სუბიექტმა, მათ შორის განთავსების ობიექტებმა, სარესტორნო ბიზნესმა, ტურისტულმა კომპანიებმა, ტურისტულმა ტრანსპორტმა თუ გიდებმა უნდა დააკმაყოფილონ, საჯარო უახლოეს მომავალში გახდება.

პრემიერ-მინისტრთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მიღების წესები და ის სავალდებულო დოკუმენტაცია, რაც ტურისტს აუცილებლად თან უნდა ჰქონდეს მოგზაურობისას. ასევე, ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო აეროპორტებისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახმელეთო პუნქტების აღჭურვის სტანდარტებზე.

მთავრობის მეთაურმა სავალდებულო რეგულაციების აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით კონკრეტული მითითებები გასცა.

აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით შესრულება, რაც ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას და ქვეყანას მისცემს საშუალებას, შეინარჩუნოს ის წარმატებული მაჩვენებლები, რაც დღეს აქვს ხელისუფლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისა და მოსახლეობის ერთობლივი, კოორდინირებული ნაბიჯების შედეგად.

კომენტარები