ირაკლი ალადაშვილი: „სავარაუდოდ, თავდამსხმელმა გათვალა, – წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება სპეცოპერაციაზე არ წავიდოდა“

სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მომხდარ ინციდენტს აფასებს:

-„თავდამსხმელის შეიარაღება იმის თქმის შესაძლებლობას იძლევა, – მძარცველი დილეტანტი არ იყო, შეიძლება, სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელიც ყოფილიყო.

დიდი ალბათობით, ან ადრე მსახურობდა არმიაში ან სულაც სხვა ძალოვან სტრუქტურებში, შეიძლება, ყოფილი სპეცრაზმელიც კი, არც ეს არის გამორიცხული.

სპეცოპერაციის ჩატარება შესაძლებელი იყო როგორც შენობაში, ისე გარეთ, თავდამსხმელის გამოსვლის დროს, თუმცა 100%-იანი გარანტია, მძევლები არ დაშავდებოდნენ და მსხვერპლი არ მოჰყვებოდა, არ იყო, ამიტომ ხელისუფლებამ არ გარისკა.

მოგვიანებით გავრცელებულ ვიდეოკადრებს თუ დავეყრდნობით, როდესაც ის შედის ბანკში, მაგიდას ფეხით ამტვრევს, ავტომატით ემუქრება მძევლებს, ნიშნავს, რომ შეიარაღებული მძარცველი წამსვლელი იყო ყველაზე უკიდურეს ნაბიჯზეც კი.

მძარცველს ხელში ეჭირა ხელყუმბარა და სნაიპერული ცეცხლით მისი დაზიანების ან მისი მოკვლის შემთხვევაში არსებობდა შანსი, რომ თუ ეს ხელყუმბარა იყო საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი და ის ხელს გაუშვებდა, 3-4 წამში აფეთქდებოდა ეს ხელყუმბარა, ოთახში ახლოს მყოფი მძევლების სიცოცხლეს უდიდესი საფრთხე შეექმნებოდა. ხელისუფლებამ არ გარისკა. მიმაჩნია, ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, მისცა თანხა და საშუალება, ის რომ გამოსულიყო და გასულიყო ამ შენობიდან, იმიტომ, რომ ქალაქის ცენტრში ოპერაციის ჩატარება ძალიან დიდ საფრთხეს მოიცავს.

უნდა არჩეულიყო ან 19 მძევლის სიცოცხლე ან 500 ათასი დოლარი, მეორეს მხრივ, აქ მარტო თანხა არ არის, არამედ ის ფაქტორი, რომ შემდგომში ეს წახალისებად არ იქნას აღქმული და სხვამაც არ სცადოს. ის, რომ ეს ხდება სწორედ დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის დროს, არჩევნების წინ, ამანაც გარკვეული როლი ითამაშა. ჩემი აზრით, მძარცველს ჰქონდა ეს გათვლილი, გაანალიზებული, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ არ წავიდოდა სპეცოპერაციაზე იმიტომ, რომ არ არსებობს არც ერთი სპეცოპერაციის გარანტია ისე, რომ ქირურგიული სიზუსტით იმუშაო და გააუნებელყო მძარცველი, რთულია ამის 100%-იანი გარანტიის მიცემა. ახლა ხელისუფლების პრესტიჟის საქმეა, რაც შეიძლება მალე მოძებნოს და გააუვნებელყოს თავდამსხმელი,“ – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

 

კომენტარები