სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი ხვალვე – გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა.

-„მიუღებელია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ნებისმიერი, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა ყველა სახის რისკი გადაზღვეული იქნება და ქვეყანაში ესკალაციის საბაბს არ შექმნის.

იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენ შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარებისა და ყველა სახის კრიზისთან გამკლავებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული, ახალი მთავრობის ფორმირებაზე. მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო, დასახელდება პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები