სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ ხანძრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია – იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე ბაზრობის სიახლოვეს არსებულ გაზგასამართ სადგურზე

მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაზრობის ტიპის სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. მოხერხდა შენობაში არსებული პროდუქციის 50 პროცენტზე მეტის გადარჩენა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სავაჭრო ცენტრ „ჩემპიონში“ ხანძრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს:

-„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, – მუხიანის დასახლებაში, გობრონიძის ქუჩაზე, ბაზრობა „ჩემპიონის“ ტერიტორიაზე იყო დაკვამლიანება და შეინიშნებოდა ღია ცეცხლი.

ცეცხლი გავრცელებული იყო ორ ერთმანეთზე მჭიდროდ დაკავშირებულ შენობაზე, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების სასაწყობე ფართები და საამქროები.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა. დამატებით დაიწყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება. ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოცხადდა სულ 21 ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე ბაზრობის სიახლოვეს არსებულ გაზგასამართ სადგურზე, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აფეთქების საფრთხე დროულად აღკვეთეს. ასევე, მოახერხეს შენობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ბაზრობის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი. ისინი ხანძრის ქრობის პროცესს ადგილიდან ხელმძღვანელობდნენ“.

 

კომენტარები