სავედრებელი ლოცვა ღვთისმშობლის ხატისადმი “დედოფალი”

სავედრებელი ლოცვა ღვთისმშობლის ხატისადმი “დედოფალი”:
-„ჰოი ყოვლადმოწყალეო ღვთისმშობელო, დედოფალო ყოველთაო, მოჰყავ ყური შენი და ისმინე ჩუენი წინაშე სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა ქვეშე შევრდომილთა ვედრებაი, განაბრწყინვე და დაიფარე ღმრთივდაცული ერი ჩუენი, სამოციქულო ეკლესიაი ივერიისა, უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი სრულიად საქართველოისა, და ყოველნი მართლმადიდებელი ქრისტიანენი.
ჰოი დედოფალო ზეცისა და ქუეყანისაო, გარდამოავლინე დედობრივი კურთხევაი ეგე შენი ქალაქთა, სოფელთა და ყოველსა სახლსა ზედა ქრისტიანეთასა. გაამთლიანე და განამტკიცე მრავალჭირნახული წილხვდომილი ქუეყანაი ესე შენი, დედაო ღმრთისაო, გევედრებით: განკურნენ უძლურნი, გამოიხსენ განსაცდელთა შინა მყოფნი, განარინენ ზღვასა შინა მავალნი და უცხოეთს , მცხოვრებნი ყოველნი ქართველნი მშვიდობით დააბრუნე სამშობლოს თვისთა.
ჰოი ყოვლადსაგალობელო ღმრთისმშობელო, დაიცევ ერი შენი ყოვლისაგან ჭირისა, სნეულებისა, სიყმილისა, სვრისა, ძვრისა, კვლისა, სეტყვისა ცეცხლისა და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან. შენ გევედრებით, ყოვლადწმიდაო დედოფალო, შევრდომილნი წინაშე ხატსა შენსა, მოწყალე იქმენ ჩუენ ზედა და შეგვიწყალენ და საშინელსა დღესა მას განკითხვისასა შუამდგომლობითა და მეოხებითა შენითა ღირს გვყვენ დადგომით მარჯუენით ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რომელსა შუენის ყოველი დიდება და თაყუანისცემაი, თანადაუსაბამოით მამით და სახიერით სულით მისითურთ, აწ და მარადის , და უკუნითი უკუნისამდე ამინ“.
კომენტარები