საზოგადოება „ბათომი“ ბათუმში ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის წინააღმდეგია

ბათუმში ისტორიული დაცვის ზონაში ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით, ხუთი ცათამბჯენი შენდება. რივიერად წოდებული ტერიტორია კომპანია „სილქ როუდ ჯგუფს“ ეკუთვნის,
ამ პროექტს, აქტივისტების ხმაურიანი წინააღმდეგობის მიუხედავად, 16 ივლისს მხარი დაუჭირა ბათუმის საკრებულომ და კომპანიამ საქმის წარმოება დაიწყო. ძველი ბათუმის დამცველები ამბობენ, რომ მოქალაქეების მოთხოვნა, შენარჩუნებოდა ქალაქს ერთადერთი ღია მწვანე სივრცე ზღვის სანაპიროზე, ბათუმის თვითმმართველობამ არ გაითვალისწინა. არ გაითვალისწინა ასევე სპეციალისტების გაფრთხილება, რომ იქმნება ეკოლოგიური საფრთხე, და არც მოთხოვნა ბათუმის ისტორიული უბნების დამცავი ზონის შესახებ, სადაც რივიერაც შედის.
„ბათუმის რივიერა შეუნარჩუნდეს ქალაქს როგორც მწვანე სივრცე, ერთადერთი მწვანე ადგილი, რომლითაც ძველი ბათუმი ზღვას უკავშირდება. ბეტონის ფარდა, რომელიც ბათუმსა და ზღვას შორის წინა და ახლანდელმა ხელისუფლებამ აღმართა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. რივიერა ერთადერთი გადარჩენილი ადგილია. რივიერა ძველი ბათუმის სანაპირო და მისი განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ჩვენ, ბათუმის მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რივიერაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას!“ – ნათქვამია საზოგადოება „ბათომის“ განცხადებაში.

კომენტარები