„საზოგადოება მაქსიმალურად თუ არ დაიცავს წესებს, ქვეყანას მესამე ტალღა ელოდება“

-„საქართველო შეზღუდვების მოხსნისთვის მზად არ არის, ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევია. შესაძლოა, ეპიდაფეთქების მესამე ტალღა ქვეყანაში აპრილის თვეში დაიწყოს.

არ არის მომზადებული ყველა შესაბამისი ზომები, რომ გახსნა იყოს შესაძლებელი. ზამთრის პერიოდში ჩვენ ვკარგავთ იმუნიტეტს. ანუ, პრაქტიკულად, აპრილის თვე იმითაც არის საშიში, რომ ყველა ცუდი კომპონენტში აპრილში გროვდება ერთად. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო მობილიზებულები და მომზადებულები, ჩვენ ვაკეთებთ ასეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ნოემბერი ყველას დაავიწყდა, ზაფხული ყველას დაავიწყდა, ვირუსი წავიდა, რეგულაციები დაალაგეთ, ყველაფერი დალაგებულია? რა გახსნაზეა, საუბარი?

ჩემი მოსაზრებაა ძალიან მარტივი, სკოლები გაიხსნა ძალიან ნაადრევად, მე კი არ ვამბობ, რომ არ გაიხსნას, პირიქით, ყველაფერი უნდა გაიხსნას, ოღონდ მკაცრი რეგულაციების დაცვით, – სკოლები უნდა გაიხსნას, მხოლოდ მკაცრი რეგულაციებით, –სამედიცინო პირბადე, (ყველას ცხვირზე უნდა ეკეთოს), ორმეტრიანი დისტანცია,  ხელების დაბანა სუფთა ტუალეტებში, უკლებლივ ყველა სკოლა უნდა იყოს სტერილური, როგორც საოპერაციო, რათა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა დაინფიცირებისაგან, სხვა შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ ჩვენ შვილებს ვუშვებთ ფრონტის წინა ხაზზე“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.

 ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა:

-„შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, 6-8 კვირის შემდგომ, აღმავალი მრუდი, ე.წ. მესამე ტალღაც იქნება, მაგრამ  იმდენად ძლიერი არ იქნება,  ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ ვერ გააკონტროლოს. მოსახლეობის 95% პირბადეს თუ გამოიყენებს, – მესამე ტალღის მაქსიმალურმა ციფრებმა, შესაძლოა, 1,200-ს, 1,500-ს ან მაქსიმუმ 2 ათასს მიაღწიოს.

შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ქვეყანამ რეგულაციების აღსრულების მექანიზმი თუ არ გაამკაცრა, თუნდაც პირბადის ტარება ან დისტანციის დაცვა, 6-8 კვირაში ისევ შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება დაგვჭირდება.

თუ გვინდა,  სკოლის პანდემია არ მივიღოთ და როგორც ბავშვები, ასევე პედაგოგები არ დაინფიცირდნენ, ყველა მოსწავლემ უნდა ატაროს სამედიცინო პირბადე სკოლაში“.

მთავრობამ 4 თებერვალს შეზღუდვებს დაგეგმილზე ადრე გაუქმება გადაწყვიტა.

მოსწავლეების მიერ სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება. ბავშვებს ნიღბის ტარება სურვილის მიხედვით შეეძლებათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  იმ შემთხვეევაში, თუ შემსუბუქებული რეგულაციების პირობებში საზოგადოება მაქსიმალურად არ დაიცავს წესებს, ქვეყანას მესამე ტალღა ელოდება.

შესაძლებელია, გარკვეული შემსუბუქებისკენ ნაბიჯები გადაიდგას. უნდა მოვუფრთხილდეთ იმას, რა პროგრესიც დღეს გვაქვს. თუ მოვუფრთხილდებით, მაშინ არ გვექნება არც მესამე ტალღა და არც ის კოშმარი, რაც გავიარეთ ნოემბერ-დეკემბერში.

უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მოზომილად, ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, ეს გახლავთ მთავარი დამცავი საშუალება.

კომენტარები