საზოგადოებრივი მაუწყებელი – საზოგადოებას უნდა დაუბრუნდეს!

ფეისბუქის გვერდი, სახელწოდებით “გუჯა ბიძია” იუწყება, რომ 3 ნოემბერს, 15 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გაიმართება.აქციაზე დადგება შემდეგი მოთხოვნები:

1- მოვითხოვთ თავისუფალ ტრიბუნას დამოუკიდებელი, უპარტიო ამომრჩეველისთვის. პირდაპირ საეთერო დროს და ახალ გადაცემათა ციკლს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით.
2- მოვითხოვთ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლას.
3- მოვითხოვთ ვასიკო მაღლაფერიძის გათავისუფლებას გენდირექტორის თანამდებობიდან
4- მოვითხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებელის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნას, და მისი აქციების საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად და უფასოდ განაწილებას, აქციების შემდგომი გაყიდვის უფლების აკრძალვით.
5 -აქციიდან ათი დღის განმავლობაში უნდა დაინიშნოს სამეურვეო საბჭოს ვადამდელი სხდომა და დადებითი რეზოლუციებით მიეცეს მსვლელობა მოთხოვნებში აღნიშნულ საკითხებს . სხდომა უნდა ჩატარდეს 3 ნოემბრის აქციის საორგანიზაციო ჯგუფის მონაწილეობით.

3 ნოემბრის აქციის საორგანიზაციო ჯგუფის განცხადება:

„მაუწყებლობის შესახებ კანონის“ მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებლობა იურიდიული სამართლის პირია და ფინანსდევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანუ, მისი დამფინანსებელი საზოგადოებაა. საზოგადოებრივი მაუწყებლობის მართველი ორგანო სამეურვეო საბჭოა. სამეურვეო საბჭო ტელევიზიის საქმიანობას წარმართავს ტელევიზიის მენეჯმენტის მეშვეობით . სამეურნეო საბჭო შედგება 9 მეურვისგან და საბჭო კომპლექტდება პარტიების, სახალხო დამცველის და აჭარის უზენაესი საბჭოს წარდგინებით. სამი კანდიდატი მმართველი პარტიიდან, სამი – ოპოზიციური პარტიებიდან, ორი – სახალხო დამცველის წარდგინებით, ერთი -აჭარის უზენაესი საბჭოდან.
3 ნოემბრის აქციის საორგანიზაციო ჯგუფს მიგვაჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ამჟამინდელი წესი არ არის დემოკრატიული, ვერ გამოხატავს ამ ტელევიზიის დამფინანსებელი მოსახლეობის ინტერესებს, და შესაბამისად საზოგადოებრივი მაუწყებლობის საქმიანობას ვერ ექნება სახალხო ტელევიზიის შინაარსი, რადგან მის ხელმძღვანელ ორგანოში წარმოდგენილია პარტიული ორგანიზაციების კანდიდატები და არა, დამოუკიდებელი უპარტიო ამომრჩევლები, რომლებიც მოსახლეობის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ.
გამომდინარე აქედან ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობა უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, საზოგადოებას , და ამის განსახორციელებლად მოვითხოვთ:
1 – საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭომ დაავალოს ტელევიზიის მენეჯმენტს და ტელევიზიის საეთერო დროში გამოიყოს კვირაში მინიმუმ სამი საათი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე გადაცემათა ციკლისთვის. გადაცემები უნდა გავიდეს პირდაპირი ეთერით. ახალი გადაცემის სარედაქციო კოლეგია უნდა შეირჩეს ღია კონკურსის მეშვეობით.
2- მომზადდეს საკანონმდებლო წინადადებები , რათა შეიცვალოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი, და სამეურვეო საბჭო დაკომპლექტდეს არა პარტიების წარდგინებით და პარლამენტის დამტკიცებით, არამედ ღია და საყოველთაო კონკურსის წესით და ფართო საზოგადოების მონაწილეობით.
3- საზოგადოებრივ მაუწყებლის ამჟამინდელმა სამეურვეო საბჭომ გაანთავისუფლოს გენდირექტორი ვასიკო მაღლაფერიძე თანამდებობიდან , იმ მიზეზით, რომ მისი მმართველობის პირობებში ეთერიდან არ ხდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების რეალური და ობიექტური სურათის ასახვა, ტელევიზიამ საერთოდ დაკარგა მაყურებელი, და მკვეთრად დაეცა რეიტინგი.
4- მოვითხოვთ, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივები საზოგადოებრივი მაუწყებლის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებელის აქციები უნდა გადაეცეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უსასყიდლოდ და ამ აქციების მომავალში გაყიდვის უფლების აკრძალვით.
საზოგადოებრივ მაუწყებელს ხალხი აფინანსებს ათეული წლებია და საზოგადოებას სრული უფლება აქვს გახდეს მისი რეალური მფლობელი. ტელევიზიის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემდეგ მენეჯმენტის და სამეურვეო საბჭოს არჩევნები უნდა მოხდეს აქციონერების მონაწილეობით და ელექტრონულად.
5- მოვითხოვთ, აქციიდან ათი დღის განმავლობაში დაინიშნოს სამეურვეო საბჭოს ვადამდელი სხდომა და დადებითი რეზოლუციებით მიეცეს მსვლელობა მოთხოვნებში აღნიშნულ საკითხებს . სხდომა უნდა ჩატარდეს 3 ნოემბრის აქციის საორგანიზაციო ჯგუფის მონაწილეობით.
საკანონმდებლო წინადადებების მოსამზადებლად სამეურვეო საბჭოს ვაძლევთ ერთთვიან ვადას.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ გავაგრძელოთ საპროტესტო პერმანენტული აქციები მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებამდე. აქციების პარალელურად მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს , რათა უკანონოდ ჩაითვალოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის დებულების ის მუხლები, რომლებიც სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესს ეხება.

3 ნოემბრის აქციის საორგანიზაციო ჯგუფი:
გუჯა ბიძია (ამომრჩეველთა კავშირი)
ზაალ შარიქაძე (ამომრჩეველთა კავშირი)
ნანა ჩალიგავა (ამომრჩეველთა კავშირი)
ავთანდილ ველთაური (ამომრჩეველთა კავშირი )
კახაბერ ჭიჭინაძე ( ორგანიზაცია “ქართველი მართმადიდებლები”)
დავით ჟღენტი, ჟურნალისტი.
თემურ მიქაუტიძე (უშუალო დემოკრატიული მოძრაობის მონაწილე)
დათო გოჩავა ( პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი)
კახა სიხარულიძე (ეროვნული მოძრაობა)

კომენტარები