საზოგადოებრივი მაუწყებელი “ფორმულას” უჩივის – იუმორისტული სკეტჩი

საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეკომპანია “ფორმულას” იუმორისტულ გადაცემა “ფსკერს” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივის.

საქმე ეხება გადაცემა “ფსკერის” საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებულ იუმორისტულ სატირულ სკეტჩს.

ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

პირველი არხი მიიჩნევს, ფორმულამ საავტორო უფლებები დაარღვია, მარეგულირებელი კომისიისგან დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს:

-„მიგვაჩნია,  იუმორისტულ სკეჩად შეფუთული პირველი არხის გადაცემის ‘ახალი დღე’ უნიჭო იმიტაცია, განზრახ მიმართული იყო მაყურებლის შეცდომაში შეყვანაზე, რადგან პირველი არხის სახელით და ‘არაიუმორისტული‘ ფორმით, გადაცემა ‘ფსკერის’ სახელით გავრცელდა პოლიტიკური კონტექსტის მქონე კონტენტი. ნდობა – ეს არის ერთერთი ღირებულება, რასაც ეფუძნება საზოგადოებრივი მაუწყებელი. სწორედ ამიტომ კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია პირველი არხის სახელით ეთერში, თუნდაც ‘იუმორის’ სახით შეფუთული კონტენტის მომზადება და ეთერში გაშვება”.

გადაცემა “ფსკერის” წამყვანი ნიკა ქავთარაძე აცხადებს:

-„ამ საჩივრით საზოგადოებრივი მაუწყებელი, ფაქტობრივად, იუმორის, სარკაზმის, პაროდიის სანქცირებას მოითხოვს. მას იმედი აქვს, რომ კომისია აღნიშნულ საჩივარს იუმორით შეხედავს,  იმ შემთხვევაში, თუ კომისია პირველი არხის საჩივარს დააკმაყოფილებს, ეს იქნება დარტყმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, რაც ზოგადად ყველა მედიისთვის სახიფათო იქნება.

ძალიან უცნაურია,  ამ ტელეკომპანიას აქვს 70 მილიონი, ჩვენი ძალიან ნაცნობი მსახიობები, მათ  თუ წამყვანები ჰგონით, მე მგონი, იქით უნდა ვუჩივლოთ პირველ არხს. იმიტომ, რომ ამდენ ფულს ხარჯავენ, კაცი ვერ ცნობს მაგათ წამყვანებს.  ეს არის მცდელობა, უცნაური შეფუთვით, გამოხატვის თავისუფლება შეზღუდონ. ეს არის იუმორისტული გადაცემა, შესაბამისად, არ არის შეზღუდვა”.

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში სხდომა დღეს არის დანიშნული, სადაც ამ საკითხს განიხილავენ.

საუბარია 11 აგვისტოს გასულ გადაცემაზე, კონკრეტულად, სკეტჩზე , სადაც “ფსკერის” მსახიობები საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანებსა და ჟურნალისტებს განასახარიებენ და ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის წლების განმავლობაში გაცემულ ათეულობით მილიონ ლარს წყალში გადაყრას ადარებენ.

სკეტჩში საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის ეთერის ბრენდირებაა გამოყენებული, სწორედ ამ საფუძვლით დაობს პირველი არხი მარეგულირებელში შეტანილ საჩივარში. პირველი არხი მიიჩნევს, რომ “ფორმულამ” საავტორო უფლებები დაარღვია და მარეგულირებელი კომისიისგან დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს.

 

კომენტარები