საიას თავმჯდომარე: „ნამახვანში ინტერნეტის სიგნალი ჩაახშეს -სახლში მიმავალი ხალხი გზაში გააჩერეს და მერე ჯარიმებიც დაუწერეს“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
-„გუშინ დაპირებული შეჩერების ნაცვლად, სამშენებლო სამუშაოები გააგრძელეს, გზები გადაკეტეს და ინტერნეტის სიგნალი ჩაახშეს. სახლში მიმავალი ხალხი გზაში გააჩერეს და მერე ჯარიმებიც დაუწერეს კომენდანტის დარღვევისთვის.
ჩვენი ინფორმაციით, დღეს ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმები შეუყვანიათ და წყლის ჭავლის მანქანით გაამაგრეს შესასვლელი.
გუშინ დაკავებულებს ჩვენი ადვოკატები ზაალ გიორგიძე, დარინე სალდაძე და სალომე სალდაძე იცავენ. ისინი ხეობის დამცველებს პირველივე დღიდან გვერდში უდგანან და კვლავაც მათ გვერდში ვიქნებით ამ საქმეში“.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა გუშინ მორიგი აქცია გამართეს.
-„ჩვენ  იმ მიზნით შევიკრიბეთ, რომ ჩვენი კანონიერი უფლება მოვთხოვოთ პოლიციას. იმის უფლება, რომ ძირითადი პროტესტის ადგილზე გადავადგილდეთ ჩვეულებრივ. გუშინ ადამიანებს ჩვენამდე, კარვებამდე მოსვლის საშუალება არ ეძლეოდათ. ამიტომ დღეს დავაანონსეთ, გვექნებოდა აქცია და ვისაც სურვილი ექნებოდა მოსულიყო.

წუხელ პოლიციამ მოგვატყუა. თავიდან გვითხრეს, აქციაზე ვინც იქნებოდა, არ დააჯარიმებდნენ, თუმცა, ყველა იქ მყოფ ადამიანს პოლიციამ 2000-2000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. დღეს უკვე სამოქმედო გეგმის მიხედვით დავრჩებით ისევ აქ, ვიდრე არ გაგვიშვებენ ვიქნებით ამ ადგილზე“, – აცხადებს მოძრაობა – „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი წევრი ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობის მცველები უკვე ხუთ თვეზე მეტია ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ.

კომენტარები